“დარჩა თუ არა საფრანგეთში დემოკრატია?”-The Spectator

26
spot_img

„მარინ ლე პენის დისკვალიფიკაციამ საპრეზიდენტო რბოლიდან, რომელიც 2027 წელს უნდა დაიწყოს,  მძაფრი დებატები გამოიწვია ფრანგული დემოკრატიის მდგომარეობაზე“, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “დარჩა თუ არა საფრანგეთში დემოკრატია?“ (ავტორი – ჯონათან მილერი). „იუსტიციის უხეში ჩარევა პოლიტიკურ პროცესში ეჭვქვეშ აყენებს თავისუფლებისა და პატიოსანი არჩევნების საბაზო პრინციპებს“, – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

მარინ ლე პენს საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში ბალოტირების უფლება წაართვეს. მართალია, მას პატიმრობა პირობითად მიუსაჯეს, მაგრამ სამაგიეროდ ხუთი წლით აუკრძალეს თავისი კანდიდატურის წამოყენება ნებისმიერი დონის არჩევნებში. მას მოუწევს აგრეთვე ორი წელი ატაროს ელექტრონული ბრასლეტი. მარინ ლე პენმა ასევე უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100 ათასი ევროს რაოდენობით – იგი დამნაშავედ იქნა აღიარებული ევროპარლამენტის ფინანსური საშუალებების მითვისებაში, რომელიც გამოიხატა თავისი პარტიის „ეროვნული ფრონტის“ წევრებისადმი ხელფასების გადახდაში.

სასამართლომ მარინ ლე პენის მოქმედება დააკვალიფიცირა როგორც ფინანსების მითვისება, მაგრამ პოლიტიკოსის მომხრეები აცხადებენ, რომ დარღვევას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს, შესაბამისად, არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია პოლიტიკური ოპონენტის ზეწოლის ინსტრუმენტის წარმოადგენს.

იუსტიციის ორგანოს ესოდენ უხეშ ჩარევას საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიაში შეუძლია ამომრჩევლებს ქვეყნის პრეზიდენტად იმ კანდიდატის არჩევის უფლება წაართვას, რომელიც, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ბევრად წინ უსწრებს მეტოქეებს. ახალი ამბების ყველა სატელევიზიო არხებზე მხოლოდ ერთი კითხვა ჟღერს: არის თუ არა ისევ  დემოკრატია საფრანგეთში?

გაზეთი Le Monde და პარიზელი ჟურნალისტები მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილ  განაჩენს მხარდაჭერით შეხვდნენ და ჩათვალეს, რომ პარტია “ეროვნულმა ნაციონალურმა გაერთიანებამ”  სერიოზული დარტყმა იწვნია, თუმცა სიტუაცია ერთმნიშვნელოვანი არ არის. სიმართლეს თუ ვიტყვით, მდგომარეობა ისეთია, რომ ბევრი რამ გაურკვეველია. შესაძლოა მარინ ლე პენი აპელაციას შეიტანოს. მისი მხარდამჭერები ილაპარაკებენ იურიდიულ ომზე. არ არის გამორიცხული, რომ მარინ ლე პენმა პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცოს, როგორც ეს დონალდ ტრამპმა განახორციელა, რომელიც ხანგრძლივი იურიდიული ბატალიების მსხვერპლი გახდა.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპ-უმცროსმა (აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა) სოციალურ „იქს-ქსელში“ მარინ ლე პენის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ის, რაც ფრანგ მემარჯვენე პოლიტიკოსს გაუკეთეს, იმას მიანიშნებს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა ყველაფერი სწორად თქვა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას ევროპის შესახებ.

საფრანგეთის პოლიტიკური ლანდშაფტი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის  უკიდურესად ცვალებად სახეს იღებს. თუ მარინ ლე პენის აპელაცია უშედეგო იქნება (თუმცა პერსპექტივა ამ ეტაპზე გაურკვეველია), მისი ადგილი შეიძლება დაიკავოს 29 წლის ჟორდან ბარდელამ – საფრანგეთის ისტორიაში პირველმა საპრეზიდენტო კანდიდატმა  მილენიალების (1990-ანი წლების შუახანებში დაბადებულთა) თაობიდან. იგი ქარიზმატული პოლიტიკოსია, და რასაკვირველია, დიდ ყურადღებას მიიპყრობს, განსაკუთრებით ქალების მხრიდან, რომელთა შორის დღესაც მაღალი დონის პოპულარობით სარგებლობს.

და მაინც, მოვლენათა შემდგომი განვითარების პროგნოზირება უკიდურესად რთულია. ემანუელ მაკრონს უკვე ბალოტირების უფლება აღარ აქვს. ბევრი პოლიტიკოსი ინტრიგებს და შეთქმულებებს „ქსოვს“.

მაგრამ მარინ ლე პენის ჩამოწერაც ნაადრევია. კაცმა რომ თქვას, იგი ყველაზე მედგარი და ამტანი პოლიტიკოსია საფრანგეთში. იგი პრეზიდენტობის კანდიდატი სამჯერ იყო და დღეს ისე ახლოა წარმატებასთან, როგორც არასდროს.

ის, რომ სერიოზულად პოლიტიზებულ ფრანგულ იუსტიციას საქმეში ჩარევა მოუწია, რატა მარინ ლე პენი შეეჩერებინა, ბევრ რთულ კითხვას გამოიწვევს და გააძლიერებს იმის რწმენას, რომ ფრანგი იურისტები ყელამდე არიან ჩაფლულები „ჭუჭყიან პოლიტიკაში“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: