ენტონი ბლინკენს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში ბოლო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი, ერთ-ერთი მათგანი კი დარბაზიდან გაიყვანეს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბლინკენმა მწვავე კრიტიკა მიიღო რამდენიმე ჟურნალისტისგან, რომლებიც ისრაელის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.
„დამნაშავე, თქვენი ადგილი ჰააგაშია“, – ასე მიმართა ბლინკენს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, სემ ჰუსეინიმ, რის შემდეგაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა ჰუსეინს დარბაზი დაატოვებინეს.
ბლინკენი გამოსვლის დროს მშვიდი ტონით ითხოვდა სიჩუმეს და მას შემდეგ, რაც ჰუსეინს დარბაზი დაატოვებინეს, განაგრძო ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი.
ამასთან, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, შეცვლიდა თუ არა რაიმეს ისრაელთან ურთიერთობაში, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობის პოლიტიკას „მხარს უჭერს ისრაელელების დიდი უმრავლესობა“ და ეს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული აშშ-ის რეაგირებაშიც. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ შეეძლო საბოლოო დასკვნების გამოტანა ცალკეულ ინციდენტებზე, რომლებიც, შესაძლოა, ყოფილიყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
„ასევე აღვნიშნავ, რომ თავად ისრაელში ასობით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს პროცესი, მათ აქვთ პროცედურები, აქვთ კანონის უზენაესობა. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის მახასიათებელი“, - განაცხადა ბლინკენმა.