“დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის”-The Daily Telegraph

6
spot_img

„მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული მმართველი პარტიის PAS-ის (Partidul Acțiune și Solidaritate – „მოქმედება და სოლიდარობა“) გამარჯვება (50,2%) ოპოზიციურ პრორუსულ „პატრიოტულ საარჩევნო ბლოკზე“ (BEP), რომელმაც ხმების მხოლოდ 24%-ის მიღება შეძლო, პრეზიდენტ მაია სანდუს ტრიუმფს ნიშნავს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „დამამცირებელი დარტყმა პუტინზე: მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების შედეგების მნიშვნელობა რუსეთის პრეზიდენტისთვის“ (ავტორი – სემიუელ რამანი). „მოლდოვაში მმართველი პარტიის ისტორიული გამარჯვება კრემლის აღმოსავლეთ ევროპული სტრატეგიული ამბიციების მიმართ ისეთი დარტყმაა, რომელიც რუსეთისთვის ძნელად გადასატანი იქნება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

რუსეთი სამი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა მოლდოვას შენარჩუნებას თავის ორბიტაზე, განსაკუთრებით დნესტრისპირეთში გაღვივებული სეპარატიზმის წყალობით 1990-1992 წლებში, რომელსაც კიშინიოვის ხელისუფლება დღემდე ვერ აკონტროლებს – იქ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები იმყოფებიან. სხვათა შორის, კრემლის დაპირებით, დნესტრისპირეთიდან რუსული ქვედანაყოფები 2002 წელს უნდა გაყვანილიყვნენ, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა შეთანხმება დაარღვია – მდინარე დნესტრის ნაპირებზე მდებარე რეგიონი – მოლდოვას აღმოსავლეთ ნაწილი – ფაქტიურად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ პრორუსული ორიენტაციის მქონე მეტოქე იგორ დოდონი დაამარცხა, რუსეთმა მკვეთრად გააქტიურა ჰიბრიდული მუქარები მოლდოვას წინააღმდეგ. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იმდროინდელმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ მოლდოვასათვის გაზის მიწოდების 30%-იანი შემცირება გამოაცხადა, რასაც უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტა მოჰყვა, რუსეთის მიერ უკრაინის ელექტროსადგურების დაბომბვის გამო. კრემლს იმედი ჰქონდა, რომ მოლდოვას მოსახლეობის პროტესტებით ქვეყნის მთავრობა დაეცემოდა, მაგრამ მაია სანდუმ სიმტკიცე გამოავლინა და უარი თქვა რუსულ გაზზე.

როცა კრემლის იძულებითმა ტაქტიკამ მარცხი განიცადა, რუსეთმა სხვა ხერხს მიმართა – დაიწყო დეზინფორმაციის მასობრივი გავრცელება, პროკრემლური მასალების პროპაგანდა მოლდოვას მოსახლეობისათვის. რუსული მასმედია ხაზს უსვამდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიცია ანუ პრორუსული ძალა მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს და ამომრჩევლებს აზრს უნერგავდა – არჩევნებში იგორ დოდონის ბლოკი გაიმარჯვებდა. გარდა ამისა, რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტია და პირადად მაია სანდუ მხარს უჭერდნენ „ლგბტ“-საზოგადოების იდეებს.

რუსეთი ასევე აქტიურად ცდილობდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიაც: მოლდოველ მღვდლებს აფინანსებდა, მიჰყავდა ისინი რუსეთში სალოცავად და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მქადაგებლებად ამზადებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საინფორმაციო ომი და კიბერნეტიკული შეტევები გააერთიანა და გაორმაგებული ძალით მიმართა მოლდოვას საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, კრემლმა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. სხვათა შორის, უფრო ადრე კრემლმა მარცხი განიცადა მოლდოვას მეზობელ რუმინეთში, სადაც ამომრჩეველმა უპირატესობა პროდასავლელ საპრეზიდენტო კანდიდატს დან ნიკუშორს მიანიჭა, ვიდრე პრორუსულ ჯორჯე სიმონის.

წინ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებია, 3-4 ოქტომბერს. არ არის გამორიცხული, რომ კრემლის დახმარებით გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იგორ ბაბიშმა და მისმა პარტიამ, მაგრამ იმავდროულად რუსეთმა შეიძლება დაკარგოს ერთგული ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში, რუსეთის სასარგებლოდ, განხეთქილება შეაქვს. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის აპრილში უნდა ჩატარდეს.
ბოლო წლებში გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა: როცა რომელიმე ევროპული ქვეყნის არჩევნებში კრემლისათვის უპირატესი კანდიდატი ან პარტია იმარჯვებს, რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა გამარჯვებული პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა ანტიუკრაინულ ნაბიჯების გადადგმაზე აიძულოს. მაგალითად, თავის დროზე, როცა იტალიის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კრემლისათვის სასურველი კანდიდატი ჯორჯა მელონი გახდა, ვლადიმერ პუტინისათვის სამწუხაროდ, სენიორა მელონიმ მხარი დაუჭირა უკრაინას და რუსული აგრესია დაგმო. საპასუხოდ კრემლმა იტალიის წინააღმდეგ კიბერშეტევები და საინფორმაციო ომი განახორციელა, მაგრამ წარუმატებლად.

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნები შედეგები ქვეყნის ევროპული ორიენტაციის ტრიუმფს და რუსული დეზინფორმაციის მარცხს წარმოადგენს. ეს არის ორმაგი დამამცირებელი დარტყმა ვლადიმერ პუტინზე, რაც ხაზს უსვამს რუსეთის გავლენის შესუსტებას მეზობლებზე.

წყარო: