შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც გამოძიება სამართალდამცველების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტის შედეგად წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით, სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.