შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინებენ.
„იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ სტიქიის ეპიცენტრში. მათ სურვილი გამოთქვეს, უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა. სურვილი გამოთქვეს და შესაბამისად, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.