“დაივიწყეთ ნებისმიერი მერყეობა, უნდა წახვიდეთ ვა-ბანკზე” – სააკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს მიმართავს

117
spot_img

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიმართავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მე თქვენ პირველად მოგმართავთ და ამას საჯაროდ ვაკეთებ, რადგან ძალიან მაღელვებს ჩვენი რეგიონის და სომხეთის ბედი. რუსეთთან და პუტინთან (რომელმაც დსთ-ს ამასწინდელ სამიტზე პრაქტიკულად ბრალი დამდო ამ ორგანიზაციის დაშლაში) ჩემი ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავს უფლებას მივცემ, მოგცეთ რამოდენიმე რჩევა.

თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით სახალხო გამოსვლების შედეგად, რაც პუტინის ტერმინოლოგიით „ფერადი რევოლუციაა“. ამიტომ, დამიჯერეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც არ უნდა ეფიცოთ ერთგულებაში, ის თქვენ არასოდეს გაპატიებთ. განსაკუთრებით, თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების, პოლიტიკური სვლების და განსაკუთრებით რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ. ის თქვენი მოსისხლე მტერია და შეეცდება თქვენს დამხობას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით: შიდა არეულობით, სამხედრო მოქმედებების ხელშეწყობით.

ის დაიწყებს თქვენს მოხრჩობას ეკონომიკურად და გამოიყენებს ჰიბრიდული ომის მთელს არსენალს. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ ვერ შეძელით ან არ განახორციელეთ ფუნდამენტური რეფორმები და ამიტომ თქვენი დღევანდელი სახელმწიფო აპარატი რეალურად კრემლის მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს. თქვენ დააგვიანეთ ევროინტეგრაციის პროცესი.

რარიგ რთულიც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის, სომხეთის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩვენს რეგიონს ახალ შანსს აძლევს. რაღაცა დროის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვიცხოვროთ ბალტიის სამი ქვეყნის მსგავსად – ღია საზღვრებით, შევქმნათ ლოჯისტიკური, ფინანსური, ენერგეტიკული ჰაბების მთელი სისტემა, გამოვიყენოთ ჩვენი სამეულიდან თითოეული ქვეყნის უპირატესობები.

ამის მისაღწევად თქვენ უნდა იჩქაროთ და დაივიწყოთ ნებისმიერი მერყეობა, უნდა წახვიდეთ ვა-ბანკზე. უნდა მოითხოვოთ რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა, უნდა გამოხვიდეთ დსთ-დან, ОДКБ-დან, საბაჟო კავშირიდან და უნდა შეიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ნატოში შესასვლელად.

2013 წელს ჩამოვფრინდი ერევანში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ბაროზოსთან ერთად. უშედეგოდ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა თქვენი წინამორბედი, არ შესულიყო რომელიმე, მოსკოვის ეგიდით შექმნილ ორგანიზაციაში.

და ბოლოს, თქვენ უნდა ღიად განაცხადოთ და სასწრაფოდ მოაწეროთ ხელი მშვიდობის ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და ამ ნაბიჯით გაუხსნათ გზა სომხეთს შიდა და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

თქვენ არ გაკლიათ პირადი ვაჟკაცობა და პოლიტიკური სიმამაცე და ამიტომ მაქვს იმედი, რომ არ მისცემთ პუტინს საშუალებას გაგანადგუროთ პირადად, დაანგრიოს თქვენი ქვეყანა და საბოლოოდ ააფეთქოს ჩვენი რეგიონი. საფრთხე, რომელიც მოგვადგა ყველა ჩვენგანს, ძალზედ რეალურია და ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებებს.

იმედი მაქვს, ამჯერად აღარ დააყოვნებთ და იმოქმედებთ. გისურვებთ წარმატებებს თქვენ და სომხეთის ხალხს“, – წერს სააკაშვილი.