დაღესტანში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად, ექვსი სამართალდაცველი და ერთი სასულიერო პირი დაიღუპა

12
spot_img

დაღესტანში შეიარაღებული პირების მიერ კოორდინირებული თავდასხმის შედეგად, ექვსი სამართალდაცველი და ერთი სასულიერო პირი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიასა და სინაგოგაში განხორციელდა, ასევე ქალაქ მახაჩყალაში მდებარე სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე. ქალაქები ერთმანეთისგან დაახლოებით 120 კილომეტრითაა დაშორებული.

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, შემთხვევების შედეგად, 12 სამართალდამცველია დაჭრილი, თუმცა უცნობია, რომელ ქალაქში. ოფიციალური პირების ცნობით, მღვდელი ეკლესიაში მოკლეს. ამასთან, როგორც რუსული მედია დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ლიკვიდირებულია ორი შეიარაღებული პირი.

ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს თავდამსხმელთა ვინაობის დადგენა.

დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.