
ფრანგული ჟურნალ „ლე პუენში“ (Le point) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაესწრება თუ არა დონალდ ტრამპი მოსკოვში გერმანიასთან ომში გამარჯვების ტრადიციულ ზეიმს“ (ავტორი – ფრანსუა-გიომ ლორენი). მართალია, აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ტრადიციულ დღესასწაულს არ დაესწრება (რაც ამ ეტაპისათვის კრემლმაც დაადასტურა), მაგრამ 9 მაისამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ვლადიმერ პუტინისათვის 9 მაისი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის მეორე მსოფლიო ომში – რუსეთისათვის „დიდ სამამულო ომში“ – გერმანიაზე გამარჯვების თარიღი. ეს ის ომია, რომელიც უფლებას აძლევს კრემლს ამტკიცოს, რომ მთელი მსოფლიო საბჭოთა კავშირზე უნდა ლოცულობდეს, რომელმაც ფაშისტური გერმანია დაამარცხა და პლანეტა ჯიტრელის მონობას გადაარჩინა. 9 მაისი სიმბოლური დღეა რუსეთისათვის: მოსკოვს იალტისდროინდელი რეალობის დაბრუნება სურს, როცა კომუნისტებს მთელი აღმოსავლეთი ევროპა ჰქონდათ ოკუპირებული და „გაწითლებული“. 9 მაისი ვლადიმერ პუტინისათვის ის დღეა, როცა იგი სიტყვით გამოდის და მე-20 საუკუნის ისტორიულ მოვლენას საკუთარი შეხედულებით „ჭრის და კერავს“.
„საბჭოთა საინფორმაციო ბიუროსაგან…“
ის, რაც 1945 წლის მაისში მოხდა, ევროპისათვის და რუსეთისათვის განსხვავებულ დღეებში აღინიშნება – კაპიტულაციის აქტს ხელი 8 მაისს მოეწერა, გვიანი საღამოს 23 საათზე, როცა მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო, ღამის პირველი საათი. ამიტომ გამარჯვების დღე დასავლეთში 8 მაისს აღინიშნება, რუსეთში კი – 9 მაისს.
სხვათა შორის, უფრო მეტი სიზუსტე რომ დავიცვათ, კაპიტულაცია სინამდვილეში ქალაქ რეიმსში 7 მაისს გაფორმდა, ცენტრალური ევროპის დროით, ღამის 2 საათსა და 41 წუთზე, რომელიც იურიდიულ ძალაში შედიოდა 8 მაისს, გვიან საღამოს 23 საათსა და 01 წუთზე. იოსებ სტალინმა მოითხოვა, რომ კაპიტულაციის აქტი სწორედ ბერლინში მომხდარიყო და ამიტომ სცენა მეორედ გათამაშდა – გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნების დელეგაციები ამჯერად ბერლინის გარეუბან კალრჰორსტში შეიკრიბნენ… და შემდეგ უკვე 9 მაისი ისე დაწესდა, როგორც ზემოთ ვთქვით.
როგორ გამარჯვებას იზეიმებდნენ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, 9 მაისს წითელი მოედანზე აღმართულ ტრიბუნაზე რომ მდგარიყვნენ? ალბათ, არა იმდენად 1945 წლის მაისში მიღწეულ გამარჯვებას, არამედ უფრო თავიანთს, საკუთარს – უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებას და ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელიც აშშ-ის სპეცწარმომადგენელ ტიმ კელოგის გეგმით… 9 მისს უნდა დასრულდეს. თუ ყველაფერი, დავუშვათ და ისე მოხდება, როგორც თეთრ სახლს და კრემლს აქვთ ჩაფიქრებული, მაშინ 2025 წლის 9 მაისის ტრიუმფით უპირველესად ვლადიმერ პუტინი ისარგებლებს, რომელიც უკრაინას ნაცისტურ ქვეყანას უწოდებს. ანუ პუტინისებურად ასე გამოდის: გერმანულ ნაციზმზე გამარჯვებიდან 80 წლის შემდეგ რუსეთი მეორეზე – უკრაინულ ნაციზმზეც იმარჯვებს.
აშშ-ის ლიდერი კრემლის ტრიბუნაზე? ეს ადრეც მომხდარა…
მართალია, დონალდ ტრამპს უკრაინა ნაცისტურ და ჰიტლერულ ქვეყნად არ შერაცხავს, მაგრამ მან უკვე გამოიყენა ტერმინი „დიქტატორი“ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. თუ აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავა, მაშინ მისი ნაბიჯი მთელი მსოფლიოსათვის უფრო მეტად იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მისთვისაც უკრაინა ფაშისტურ ქვეყანას წარმოადგენს.
არადა, კაცმა რომ თქვას, აშშ-ის პრეზიდენტები 9 მაისს მოსკოვში რამდენჯერმე იყვნენ: 1995 წლის 9 მაისს – დემოკრატი ბილ კლინტონი, ბორის ელცინის მიწვევით: მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა ირანის, ბოსნიისა და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ორივე პრეზიდენტმა ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინეს, ხოლო 2005 წლის 8-9 მაისს მოსკოვში იყო ჩასული რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ვლადიმერ პუტინის მიწვევით…
სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ 2025 წლის 9 მაისს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ერთად უყურონ კრემლის ტრიბუნიდან წითელ მოედანზე მიმდინარე სამხედრო აღლუმს… ამ შემთხვევაში ეს იქნება გამარჯვების სიმბოლური ფიალის ბოლომდე შესმა ევროპელთა დასანახად, რომლებიც თავიანთ ტელევიზორის ეკრანებზე ნახავენ, თუ როგორ ესალმებიან რუს ჯარისკაცებს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები!
მოამზადა სიმონ კილაძემ