აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washngton Post) გამოქვეყნებულია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ანალიტიკოსისა და პოლიტიკური მიმომხილველის ფარიდ ზაკარიას სტატია სათაურით: “დაძაბულობა კიევში: უკრაინელები შიშობენ, რომ თუ აშშ-ში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, დახმარება შეწყდება და ომი რამდენიმე თვეში დასრულდება”.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ჩემს ჩასვლას კიევში, სადაც ყოველწლიურ კონფერენციაში ვმონაწილეობდი, ერთგვარი გამამხნევებელი შთაბეჭდილებების მიღების მიზანიც ჰქონდა. რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკული პოლიტიკური დებატების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. დემოკრატები, კამალა ჰარისის სახით, აცხადებენ, რომ დახმარებას გააგრძელებენ, რესპუბლიკელები კი, დონალდ ტრამპის პირით, აღნიშნავენ, რომ კონფლიქტი დასრულება ერთ დღეში შეუძლიათ, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, ორივე მხარის მუდმივი დისკუსიები რეალური ცხოვრებისაგან საკმაოდ შორს დგანან.
რა ხდება უშუალოდ კიევში? რას ფიქრობენ თვითონ უკრაინელები? დღეს ქალაქში შექმნილი სიტუაცია განსხვავდება 2022 და 2023 წლების მდგომარეობისაგან, როცა მე იქ ვიყავი დაახლოებით ამავე პერიოდში. ქვეყანაში ამჟამად კრიტიკული ვითარებაა, მომდევნო რამდენიმე თვეში, საომარი მოქმედებების ფონზე, ყველაფერი შეიძლება სწრაფად გადაწყდეს.
კიევს ყოველთვის ვთვლიდი გასაოცრად კომფორტულ ქალაქად, მათ შორის პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, ახლა მდგომარეობა შეცვლილია: რუსეთის საჰაერო დარტყმების სიხშირე გაიზარდა. მართალია, ყველა რაკეტა და დრონი არ აღწევს მიზანში ამოღებულ ობიექტებამდე, მაგრამ ფსიქოლოგიური ეფექტი ძალიან დამთრგუნველია. ჩემი ჩასვლის დროს, ღამით, ქალაქის ცას აფეთქებების შუქი ანათებდა, ისმოდა გრიალი და საჰაერო განგაშის სირენების საზარელი ხმა, მუშაობდნენ რაკეტსაწინააღმდეგო ბატარეები…
მე არ მინდა გადავაჭარბო მძიმე სურათის აღწერაში, მაგრამ არც ის მსურს, რომ რაღაც არასრულად ვაჩვენო. კიევი კვლავ ხმაურიან, ცოცხალ, ლამაზ ქალაქად რჩება. ქუჩები და პარკები ხალხით არის სავსე, ისინი სამუშაოზე მიდიან, მაღაზიაში შედიან და ყიდულობენ და, უბრალოდ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები სეირნობენ. მაგრამ ომის ფონს და კვალს ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ: სარეკლამო ბილბორდები უკრაინელებს არმიაში სამსახურისაკენ მოუწოდებენ, სამშენებლო ბრიგადები დანგრეულის აღდგენას ცდილობენ, წმინდა მიხეილის მოედანზე და საამაყოდ არის გამოფენილი ტროფეის სახით ხელში ჩაგდებული რუსული სამხედრო ტექნიკა.
ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების გაბედულმა ოპერაციამ მსოფლიო გააკვირვა, როცა ისინი რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს.
უკრაინელთა მოლარული სულისკვეთება განუზომლად ამაღლდა – ჯარისკაცებისაც და მოქალაქეებისაც. ისინი ამგვარ ცნობას დიდი ხანია ელოდნენ, მაგრამ… ახლა მათ ისიც გააცნობიერეს, რომ კურსკის ოლქში შეჭრამ ომის ძირითადი დინამიკა კარდინალურად ვერ შეცვალა. ბევრ უკრაინელს კითხვა უჩნდება – იქნებ არმიის სარდლობამ და ქვეყნის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვეს? რამდენად სწორი იყო კურსკის ოლქში შეჭრისათვის არმიის საუკეთესო სამხედრო ნაწილების გამოყენება? ხომ არ მოხდა ამით თითქმის ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზის გაშიშვლება?
კითხვები კითხვებად, მაგრამ ფაქტიც ჯიუტია: აშკარაა, რომ რუსეთის არმიას ბრძოლის ინტენსიურობა არ შეუსუსტებია და ძველებურად ნელ-ნელა წინ მიიწევს, ქალაქ პოკროვსკს – სამხედრო ლოჯისტიკურ ცენტრს – უახლოვდება. თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთი მიზნის განხორციელებას სწრაფად შეძლებს და მთელ დონბასს გააკონტროლებს, რითაც უკრაინელებს უმძიმეს მორალურ დარტყმას მიაყენებს. პოკროვსკის დაკავება რეალობას კარდინალურად შეცვლის: შეიძლება 2022 წლის თებერვალს-მარტის მდგომარეობა განმეორდეს, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ და ხერსონი ჰქონდათ დაკავებული.
ამას წინათ რუსეთმა პირველად დაარტყა შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში მცურავ სატვირთო გემს, რომელსაც უკრაინული მარცვლეული ეგვიპტეში მიჰქონდა. თუ სავაჭრო გემები უკრაინის ნავსადგურებში შესვლას შეწყვეტენ, ეს იქნება მძიმე ზიანის მიყენება კიევის დიდი მიღწევისადმი ომის განმავლობაში – მარცვლეულისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის მიმართ. უკრაინას ახლა ფული ჰაერივით ესაჭიროება – ყველაფრისაგან, რისი საშუალებაც კი არსებობს. ფული ჭირდება ქვეყნის დანგრეულ ეკონომიკას, სამხედრო მრეწველობას, რათა გარკვეული კონკურენცია მაინც გაუწიოს რუსეთს, რომელიც იარაღს დღედაღამ შეუჩერებლად ამზადებს.
მაგრამ ყველაზე მეტად საგანგაშო განწყობად უკრაინაში მე ის მიმაჩნია, რაც ბევრი ადამიანისგან მოვისმინე – როგორც ჩინოვნიკებისაგან, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან: მათ ძალიან აწუხებთ დასავლეთისა და კერძოდ აშშ-ის რეაქცია. ერთ-ერთმა უკრაინელმა გულახდილად მითხრა: „ჩვენ არასოდეს არ გავხდებით რუსეთის კოლონია და ბრძოლას ყველა სიტუაციაში გავაგრძელებთ, მაგრამ ვშიშობთ, რომ ბრძოლა მარტოდმარტო მოგვიწევს“. ის, რომ ამერიკული დახმარების მიღება სწორედ რესპუბლიკელთა პოზიციის წყალობით გაჭიანურდა, ბევრს აშფოთებს და ახლა ფიქრობენ, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება.
„ეს ომი ნებისყოფათა ბრძოლაა“, – მითხრა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, – „ვლადიმერ პუტინს გამარჯვება სურს და ამიტომ მან რუსეთის ეკონომიკა სამხედრო მანქანად გადააქცია.
კრემლი ომისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-მდე ხარჯავს, დასავლეთი კი უკრაინის დასახმარებლად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,2%-ს. ჩვენ რომ ამ ციფრის გაორმაგება შევძლოთ, ვლადიმერ პუტინს გაკოტრება დაემუქრება“.
დასავლეთში მიმდინარე დისკუსია აბსტრაქტული აზროვნებიდან პრაქტიკულ, რეალურ ნაბიჯებში უნდა გადაიზარდოს. უკრაინას დახმარება ესაჭიროება ყველა სფეროში – ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ფრონტებზე. და რაც შეიძლება მეტად და სწრაფად.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე ამერიკას უკრაინისათვის არსებითი დახმარების გაწევის შესაძლებლობა აღარ ექნება და ამიტომ თეთრმა სახლმა რეალობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, უკეთესია კარგის იმედი გქონდეს, მაგრამ იმავდროულად უარესისთვისაც უნდა მოემზადო.
მოამზადა სიმონ კილაძემ