დადგა დრო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ – BBC

2
spot_img

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბი-ბი-სი“-მ (BBC) გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „დადგა დრო საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ“ (ავტორები – ლორა გოცი და პოლ კირბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველებისათვის, რომლებიც შაბათს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევენში მიიღებენ მონაწილეობას, ბევრი რამ არის დადებული სასწორზე.

საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, უკიდურესად პოლარიზებული გახდა – ოპოზიცია მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საზოგადოების დემონტაჟში და რუსული სტილის კანონების მიღებაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ხმის მიცემა წარმოადგინონ როგორც არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ამ იარლიყს „ქართული ოცნება“ გადამწყვეტად უარყოფს.

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ქართველებმა გასული წლის დეკემბერში  იზეიმეს მათი ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – მოსახლეობის 80% მხარს უჭერს და იწონებს საქართველოს პროევროპულ (პროდასავლურ) კურსს.

მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსული ყაიდის კანონების მიღებამ (მაგალითად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის თაობაზე) ქუჩაში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციებზე გამოიყვანა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი მიიღო „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა უფლებების შეზღუდვის თაობაზე.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიუთითეს, რომ ქვეყნა დემოკრატიის გზიდან უხვევს. ევროკავშირის ელჩმა თბილისი გააფრთხილა, რომ ბრიუსელმა შეიძლება საქართველოს დროებით შეუჩეროს ვიზა-ლიბერალიზების („უვიზო რეჟიმის“) მოქმედება, თუ არჩევნებში ხმის მიცემა „სამართლიანად და თავისუფლად“ არ იქნება აღიარებული. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა ქართველი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიღებაზე (ჯერ მიიწვია, შემდეგ კი მიწვევა გააუქმა).

რუსეთმა დასავლეთი საქართველოზე აშკარა ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა და უარყო ბრალდება, რომ კრემლი საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს.

მაგრამ „ქართული ოცნების“ მტკიცებით, საქართველო ევროპული კურსის ერთგულია და თბილისს ევროკავშირში გაწევრიანებააზე უარი არ განუცხადებია. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობაში და ევროკავშირის წევრობის საკითხში პოზიტიური  „გადატვირთვა“ მოხდება, ხოლო ნატოსთან თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და თუ მმართველი პარტია არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვებს, მისი დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი – მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა – აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს და ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს აკრძალავს. თუმცა „მეოცნებეებს“ ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად 150-წევრიან პარლამენტში ადგილების სამი მეოთხედის მოპოვება დაჭირდებათ.

თვითონ ოპოზიცია ერთიანობისაგან საკმაოდ შორს არის, ამიტომ, „ქართული ოცნება“, პოპულარობის შემცირების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში ძველებურად ლიდერობს.

ოთხ ოპოზიციურ პარტიას აქვთ შანსი, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში ადგილების გარკვეული რაოდენობა მიიღონ. მათგან ყველაზე მსხვილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), რომელიც იმავდროულად ყველაზე წინააღმდეგობრივ პარტიად ითვლება – ბევრ ამომრჩეველს დღემდე ნეგატიურად ახსოვთ ენმ-ის მმართველობის 9-წლიანი პერიოდი (2004-2012 წლებში, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება მოვიდოდა), ამიტომ მათთან ერთად ერთიანი ფრონტის შექმნაზე დანარჩენმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა.

„გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ – ეს პარტიები კარგ სედეგებს აჩვენებენ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი „ნაციონალებთან“ საერთო ენას გამონახავენ, ერთიან ფრონტად გაერთიანდებიან [და არჩევნებში გაიმარჯვებენ], მთავრობის ჩამოყალიბებას შეიძლება თვეები დაჭირდეს, რაც არასტაბილურობას გამოიწვევს.

26 ოქტომბერს ქართველები პირველად მისცემენ ხმას პროპორციული საარჩევნო სისტემით, რომელიც, პარტიათა უმრავლესობის აზრით, უფრო სამართლიანად ითვლება, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, სახელისუფლო პარტია ძველებურად ინარჩუნებს კონტროლს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და საზოგადოებრივ სივრცეზე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის წააგო, ორი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ (ანუ მთელი ქვეყნის ტერიტორიის 20%), ფაქტიურად რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება.

ამჟამად, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას, კრემლმა ლაპარაკი დაიწყო თბილისთან „ურთიერთობის ნორმალიზებაზე“.

საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და ისეთი წინასაარჩევნო პალაკატებს იყენებს, რომლებშიც მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთოს „ომსა და „მშვიდობას“ შორის – ერთმანეთთან არის შედარებული ომით დანგრეული უკრაინა და „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი საქართველო.

წყარო