რუსეთი თვეში 6 000-ზე მეტი „შაჰედის“ წარმოებას გეგმავს, – წერს CNN უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით. ამავდროულად, რუსეთში გამანადგურებელი დრონების წარმოება ახლა გაცილებით იაფია, ვიდრე ომის დასაწყისში, როდესაც მოსკოვმა ისინი თეირანისგან შეიძინა.
როგორც გამოცემას სადაზვერვო წყარომ განუცხადა, თუ 2022 წელს რუსეთი ასეთ ერთ დრონში საშუალოდ 200 000 დოლარს იხდიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70 000 დოლარამდე შემცირდა თათრეთის ალაბუგას დრონების ქარხანაში მასშტაბური წარმოების წყალობით.
ამავდროულად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, ერთი Shahed-136 დრონის ღირებულება 20 000-დან 50 000 დოლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დრონების მიერ სამიზნეებზე დარტყმის პროცენტული მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც CSIS-ის ანალიტიკოსი იასირ ატალანი აღნიშნავს, აპრილის შემდეგ დაფიქსირებული შემთხვევების მაჩვენებელი დაახლოებით გაორმაგდა და 2024 წელთან შედარებით თითქმის 20%-ს მიაღწია, როდესაც დაფიქსირებული შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო.
„არ აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა „შაჰედი“ სამიზნეს. მნიშვნელოვანია, რამდენად მძიმედ მოქმედებს ეს ტერორის იარაღი მშვიდობიან მოსახლეობაზე და რა დატვირთვას ახდენს ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, – აღნიშნავს CSIS.
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკაა „მუდმივი ზეწოლის შენარჩუნება“, „მათი სტრატეგია ახლა სულ უფრო მეტად ასეთ გამოფიტვაზეა ორიენტირებული“.
როგორც CNN აღნიშნავს, უკრაინა და რუსეთი იძულებულნი გახდნენ, გაეუმჯობესებინათ დრონების შესაძლებლობები. ამჟამად, ორივე ქვეყანა მუშაობს ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების შექმნაზე. ასევე, დრონების გამანადგურებლების შექმნაზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ, ის ბრძოლის უფრო იაფი მეთოდი იქნება, ვიდრე რაკეტების გაშვება.
„არსებობს მრავალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელები ამ დრონების ნაწილს ცდიან, მაგრამ ჩვენ მათი ფართომასშტაბიანი გამოყენება არ გვინახავს. დრონი დაეხმარება უკრაინის სამხედროებს, შეინარჩუნოს (მათი) საზენიტო რაკეტების ნაწილი სარაკეტო დარტყმებისთვის“, – განაცხადა კატერინა სტეპანენკომ ანალიტიკოსმა ვაშინგტონის ომის შესწავლის ინსტიტუტიდან.