CNN-მა გამოთვალა, რამხელა ტერიტორია დაკარგა უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ

4
spot_img

უკრაინამ, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თავისი ტერიტორიების 11% დაკარგა. ამის შესახებ CNN წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით. 

„ომის დასაწყისში, უკრაინამ რუსულ ჯარებს თავისი დედაქალაქის, კიევის აღების საშუალება არ მისცა, შემდეგ კი, გამარჯვებები მოიპოვა ხარკოვისა და ხერსონის ოლქების გარკვეულ მონაკვეთებში. თუმცა, მანვე დიდი დანაკარგები განიცადა დონეცკისა და ბახმუტის მიმდებარე აღმოსავლეთ რეგიონებში“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თუ იმ მიწებს ჩავთვლით, რომლებიც რუსეთსა და მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს 2024 წლის კონფლიქტის შემდეგ ჰქონდათ დაპყრობილი ყირიმსა და დონბასის ნაწილში, უკრაინის მიერ დაკარგული მიწები 18%-მდე ავა.

CNN-ს ასევე მოჰყავს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის შემდეგ, აშშ უკრაინის უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი იყო და ომში მყოფი ქვეყნის მიერ მიღებული ფინანსური მხარდაჭერის 47% სწორედ მასზე მოდის. რაც შეეხება ევროკავშირს, მისგან უკრაინამ მთლიანი დახმარებიდან 32% მიიღო, ხოლო კიდევ 20% სხვა ქვეყნებზე, კერძოდ – დიდ ბრიტანეთზე, კანადასა და იაპონიაზე მოდის.

სტატიაში ისიც არის აღნიშნული, რომ თავიანთი სახლების დატოვება და უკრაინის სხვა მხარეში, ანაც სხვა ქვეყანაში გადასვლა მილიონობით უკრაინელს მოუხდა. გაეროს დევნილთა სააგენტოს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში 6.3-ზე მეტი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს, მათ შორის 1.2 გერმანიაში. თითქმის 1 მილიონი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს პოლონეთში, ხოლო კიდევ 390 000 ჩეხეთში. გაეროს უახლესი შეფასებით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციაში 1.2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა.