ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებში არსებობდეს ჩანაწერი, რომ საქართველოში ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია – მიქანაძე

1
spot_img

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებში არსებობდეს ჩანაწერი, რომ საქართველოში უნდა მოხდეს დეოკუპაცია, რომ ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია და რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც მხარდაჭერილია ნატოსა და მისი ინდივიდუალური წევრების მიერ, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ამერიკიდან, სადაც საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.

„გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციებს, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ნატოს წევრი ქვეყნები და მთლიანად ნატო იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქართველი დეპუტატები ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც ქალაქ დეიტონში იმართება.