ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი, მშვიდობიანი მომავალი -მიხეილ ყაველაშვილი

4
spot_img

დღეს განსაკუთრებული დღეა, საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს იხრის თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე.

„სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენგანი გმირობისა და თავდადების მაგალითია, სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცე საყრდენს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან, 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე.

მსურს, განსაკუთრებული პატივისცემით მივმართო ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულს და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს.

დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. თქვენი ძალა, სიმტკიცე და სიყვარული სამშობლოს მიმართ, შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის.

ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა.

მსურს, განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები, ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით, წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებენ იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია.

მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს.

ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება. თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.