ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023″-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც ვითარდება, რათა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა.
„რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან- ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა.
და ბოლოს, დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც როგორც ჩვენ გავარკვიეთ , არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, ეს თანამედროვე ციფრული საზოგადოების და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს.
კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მე აღვნიშნე დასაწყისში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატები, რის მაგალითიც დღევანდელი ფორუმია.
კიდევ ერთხელ მე მინდა მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის. მე მინდა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.