რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავის სახე ბოლომდე აჩვენეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრის მიმდინარეობისას, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.
მისი თქმით, უერთდება მამუკა მდინარაძის მოწოდებას, ტექნიკური შესვენების გადმოცხადებასთან დაკავშირებით.
„მეც შევუერთდები მამუკა მდინარაძის მოწოდებას, კარგი იქნება ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ. იმავეს გავიმეორებ პრინციპში – ერთი ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე, ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ არ ახსოვთ, რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და როგორ ესმით კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავის სახე ბოლომდე აჩვენეს. გთხოვთ, კიდევ ერთხელ რომ ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს, რათა შემდეგ მოხერხდეს სხდომის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა.