,,ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა”-  ირაკლი ჩიქოვანი

15
spot_img

მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას 26 მაისი და აღნიშნა, რომ ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დაასახელა ის გამოწვევები, რომლებსაც ის და მისი უწყება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

„რა თქმა უნდა, გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ის, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, კრიზისები, ომები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ეს არის ურთულესი ვითარება. ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ამის გარდა, გამოწვევად რჩება ასევე ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს.

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ასევე კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო აკვირდება ყველა ამ მიმართულებას და მე ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ შეინარჩუნა მშვიდობა და ამ მშვიდობის პირობებში ჩვენ შევძელით და განვამტკიცეთ ჩვენი როლი რეგიონში და ვთვლი, რომ დავანახეთ ჩვენს საზოგადოებასა და ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია ქვეყანა სტაბილური განვითარების პირობებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და შევქმნათ უკეთესი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.