ჩვენ ამას ვეძახით „დიფ სთეითს“, „გლობალურ ომის პარტიას“, ეს არის ერთი დიდი სისტემა, რომლის მიზანსაც გლობალურ ჭრილში პროცესების მართვა და პროცესებისთვის შესაბამისი საფუძვლების შექმნა წარმოადგენს, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციაზე საუბრისას.
„ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მსგავს რეზოლუციებს გააჩნია შეძახილის, მხარდაჭერის და გამხნევების ძალა. ეს ყველაფერი კავშირშია. იქიდან გამოძახილს აქ იღებენ, რაღაც სამკუთხედები თუ ოთხკუთხედები იქმნება, რომ სანამ უკრაინაში არის ეს ომი და უბედურება, საქართველოს საკითხი არ ჩამოდის დღის წესრიგიდან.
ამ ნეგატიურ ძალებს ყოველთვის აქვთ სურვილი ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება, თუმცა ხელისუფლებას ვერ ცვლიან არჩევნებით და ეს ყველამ გაიგო. ახლა არის მუდმივად კბილის მოსინჯვა, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ არალეგიტიმურად. მათ ჰგონიათ, რომ ამ პროცესში მსგავს რეზოლუციებს თავისი ძალა აქვს. საბოლოოდ არც ბრიუსელში, არც ვარშავაში თუ ლისაბონში არ წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. საქართველოს ბედ-იღბალს ქართველი ხალხი საარჩევნო დღეს, საარჩევნო ურნასთან წყვეტს. როდესაც მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ადამიანი ამბობს, რომ ეს ასე უნდა იყოს, როდესაც ოპოზიცია იმ ნდობას, რომელიც მიიღო, რეცხავს კანალიზაციაში და არ იყენებს, აქ დამთავრებულია რადიკალების საქმე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.