ჩვენი ქვეყანა აღარ მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, „ოცნების“ „კლანი“ ფოკუსირებულია არა ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარი ოჯახებისათვის მილიონების შოვნაზე, ქვეყანაში გაბატონდა კორუფცია ,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება გააუარესა.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სურსათის ფასები 48 პროცენტით გაძვირდა, ანუ ერთ ნახევარჯერ გაძვირდა იმ სასაქონლო კალათის ღირებულება, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მტკივნეულია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ მაქსიმალური ზღვარი, ანუ მიზნობრივი ინფლაცია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, იყო 18 პროცენტი. 10-15 პროცენტის ნაცვლად, რაც იქნებოდა ნორმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს 48 პროცენტიანი ინფლაცია. იმის გამო, რომ საქართველო აღარ არის ფოკუსირებული დასავლეთზე, ინვესტიციებზე, ქვეყანაში გვაქვს კორუფცია, კლანური მმართველობა, კარტელური იმპორტი, შეჩერდა ინვესტიციები. ჩვენ შედარებისთვის მოგიყვანეთ შორეული 2007 წელი, იმ პერიოდშიც კი, 17 წლის წინ 2-3 ჯერ მეტი იყო ინვესტიცია, ვიდრე 2024 წლის პირველ ნახევარში გვაქვს. ჩვენი ინვესტიციები ამ წელს დასულია 200 მლნ დოლარამდე, რაც იმის ნახევარიც კი არ არის, რაც 17 წლის წინ იყო. თქვენ ხშირად მოისმენთ „ოცნების“ წარმომადგენლების ტრაბახს, რომ ექსპორტი გაიზარდა, ჩვენ ჩავშალეთ თვითონ სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ექსპორტის მონაცემები და რეექსპორტი, რომელიც რუსეთის სანქციების გვერდის ავლის სქემას მოარგეს. რამდენიმე ასეული ოჯახი კორუფციული, „კლანური“ მმართველობის პირობებში კოლოსალურად მდიდრდება, შეიძლება ოდნავ გაიზარდა, თუმცა აქაც გვაქვს კლება, მაგრამ ქართული პროდუქციის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, ბოლო ორ წელიწადში დაახლოებით, ერთ ნახევარჯერ შემცირდა. ივანიშვილის „კლანიდან“ მიღებული რეექსპორტის შემოსავლები რომ გამოვაკლოთ და ქართველი მეწარმეებისთვის, ქართული პროდუქციის ექსპორტი, ამ მონაცემებით გვაქვს მკვეთრი ვარდნა და შემცირება სწორედ „რუსული კანონის“ და რუსული პოლიტიკის გამო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი პროცესი არის ლარის არასტაბილური კურსი, რომელსაც შემდეგ ხელისუფლება ხელოვნურად ამყარებს.
„სამწუხაროდ, ფასები იმ მაღალ ნიშნულზე რჩება, რომელზეც წინა პერიოდში იყო და აღარაფერი იაფდება. აი, ამ მთელი დინამიკის შედეგი არის ის, რომ ბოლო ერთ წელიწადში თითქმის ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა რეზერვები, ანუ ივანიშვილს ეს საგარეო პოლიტიკა, საშინაო კორუფცია საქართველოს სახელმწიფოს ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდა იმისათვის, რომ ლარის კურსი შეენარჩუნებინა ერთ დონეზე, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ დავკარგეთ ინვესტიციები, გაგვეზარდა ფასები და „კლანებმა“ საკუთარი ოჯახებისთვის მილიონები იშოვეს. ბოლო პერიოდის სამწუხარო რეალობა, რაც შრომით ბაზარზე არსებობს, არის ის, რომ 110 ათასი დასაქმებული ადამიანი იღებს ნაკლებს ან გაცილებით ნაკლებს სახელფასო შემოსავლის სახით, ვიდრე ქვეყანაში არის პენსია, ანუ პენსიაზე ნაკლებ შემოსავლად მუშაობს 110 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ეს არის სწორედ იმის ბრალი, რომ არ გვაქვს ინვესტიციები, ექსპორტმა დაიწყო კლება, ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება, ჩვენ არ ვართ დასავლეთთან ინტეგრირებულ. ეს რეჟიმი ცდილობს, რომ ბოლომდე იყოს რუსეთზე და რუსეთის ბაზარზე მიბმული. ევროკავშირში დაახლოებით სამჯერ იაფი საბანკო სესხია, ვიდრე საქართველოში. ამ პრობლემას ვერაფერი ეშველა და არც ეშველება ამ პირობებში, რადგან ბანკებში არ არის ლიკვიდურობა, ხალხს არ აქვს დანაზოგები, ბანკებს შორის არ არის კონკურენცია, არ შემოდის ახალი ინვესტიციები და ამ რეჟიმის პირობებში, ეს სამწუხარო რეალობაც ვერ შეიცვლება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.