ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს – სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით- გიორგი ვაშაძე

20
spot_img

ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს – სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “რუსული კანონის” პირობებში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება და ავტორიტარული რეჟიმის მქონე არც ერთი ქვეყნის ადგილი არ არის ცივილიზებულ სამყაროში და ევროკავშირში.

„სიტუაცია არის ძალიან მძიმე, იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახაა, „რუსული კანონით“ საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. ამას აკეთებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მაგიდაზე, სამოქმედო გეგმაში დევს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამოქმედოს. ალბათ ნახეთ ევროპარლამენტარების წერილი. სამწუხაროდ, საუბარია კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, შესაბამისად, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს. სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქვეყანა ერთიანია, ერი ერთიანია და ცალკეული პატარა ჯგუფი, რომელსაც უნდა რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, თავის მიზანს ვერაფრით მიაღწევს. პროტესტი არის დეცენტრალიზებული, ბუნებრივი და საბოლოო ჯამში, პროტესტი აუცილებლად მივა გამარჯვებამდე,“ – განაცხადა ვაშაძემ.

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.

ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.