“ჩვენი მთავარი სათქმელი ბრიუსელში იყო ის, რომ საქართველოს ადგილი არის ნატო-ში”- ირაკლი ბერაია

34
spot_img

ჩვენი მთავარი სათქმელი ბრიუსელში იყო ის, რომ საქართველოს ადგილი არის ნატო-ში და დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში წევრობა, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში ალიანსის როლის გაზრდა. ჩვენი ქვეყანა ერთგულია ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპების. დიდი ხანია მოქმედებს როგორც პასუხისმგებლობიანი წევრი და ბევრად მეტს აკეთებს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ზოგიერთი მოკავშირე, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს შტაბ-ბინას სტუმრობდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში და ასევე შეხვდა გენერალური მდივნის მოადგილეს და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩებს.

„ეს ვიზიტი ადასტურებს საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში ალიანსში გაწევრების პრიორიტეტულობას, ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს პარტნიორობის ყოვლისმომცველ ხასიათს და პარლამენტის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ვიზიტს ასევე ჰქონდა განსაკუთრებული დატვირთვა ევროპული უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში. ნატო-ში, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე და მის მძიმე შედეგებზე, დეოკუპაციისთვის საერთაშორისო ძალისხმევის გაზრდის საჭიროებაზე, ასევე, ქართული დემოკრატიის და უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცების, ქვეყნის განვითარების და მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამბიციურ დღის წესრიგზე. ის იყო ძალიან პრინციპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის მხრიდან მეტი სიცხადის და ამ გზაზე საქართველოს დაწინაურების აუცილებლობის ხაზგასმაში“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ

მისივე განცხადებით, ნატო-ში დელეგაციის ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოკავშირეების ერთსულოვნება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

„აღინიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ინტეგრაციის გზაზე, ფასდაუდებელი წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაახასიათეს, როგორც ჩემპიონი რეფორმების თვალსაზრისით. მათი თქმით, ალიანსი ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამას წინ ვერ აღუდგება. ხაზს უსვამენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, და საკუთარი მოქმედებების, ევროატლანტიკური დღის წესრიგის საქართველოსთან კოორდინაციას.

განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ოვალურ მაგიდასთან, სადაც წარმოდგენილია ალიანსის 31 სახელმწიფო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრებიან, როგორც თანასწორ სუბიექტს, როგორც ალიანსის მომავალი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს და ისმენენ მისგან საქართველოს შეფასებებს ევროპულ უსაფრთხოებაზე და ქართული სახელმწიფოს ხედვას მის განმტკიცებაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებზე არის მაქსიმალურად გახსნილი, ნდობაზე დაფუძნებული, საქმიანი და დეტალური დისკუსიის ატმოსფერო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ნატო-სთან პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ.

„ამას ადასტურებს ნატო-საქართველოს სწავლება და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები; მადრიდის სამიტის შედეგები, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ნატო-ში ვიზიტები; პარლამენტის ჩართულობის ზრდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის და სხვა მაღალი დონის ვიზიტები თბილისშიც და ბრიუსელშიც. ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელი და მიუღწეველია საქართველოს ნატო-ში წევრობის გარეშე, შავი ზღვის რეგიონზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გავრცელების გარეშე. საქართველო დიდი ხანია გასცდა ნატო-ში გაწევრების კრიტერიუმების დაკმაყოფილების ნიშნულს და მზად არის ალიანსში წევრობისთვის. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების გაწელვა, რადგან ამ კუთხით ბუნდოვანება კვებავს აგრესორ სახელმწიფოს და საზიანოა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. საქართველო ითხოვს და ელოდება სამართლიან, დამსახურებულ და დროულ შემხვედრ ნაბიჯებს მოკავშირეების მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.