„ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები არიან საოკუპაციო რეჟიმთან მიმართებაში. ამ ადამიანებზე ზრუნვის ნებაც კი არ ჩანს თქვენგან. ამ პოლიტიკით არათუ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ერთიან საქართველოში ცხოვრების სურვილი გაუჩნდებათ, არამედ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც გაუჩნდებათ ემიგრაციის სურვილი და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების ე.წ.პრაგმატულმა პოლიტიკამ ქვეყნას დადებით შედეგი ვერ მოუტანა.
„რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკს აზრი არა აქვს, ამან შედეგი არ გამოიღო. ლავროვი მოგვიწოდებს საზღვრის დემარკაციისკენ, ასევე გვამცნეს, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყება. მაინტერესებს, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქთან ფრენების აღდგენას და რუსი ტურისტების უკონტროლო შემოშვებამ შედეგი რა გამოიღო? რა მივიღეთ?
მივიღეთ ის, რომ ეკონომიკურად კიდევ უფრო მიჯაჭვული გახდა საქართველო რუსეთზე. სად არის ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკის შედეგები?! მინდა „ოცნების“ მესვეურებს მივმართო, იქნებ საზოგადოებას აუხსნათ რუსეთთან ჯერ არნახული და არგაგონილი პრაგმატული პოლიტიკის და დიპლომატიის არსი. სამწუხაროდ, არანაირი პოლიტიკა და დიპლომატია არ ჩანს. რაც ჩანს, ეს არის რუსეთთან მიმართებაში კაპიტულანტური მიდგომა და საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დისტანცირების პოლიტიკა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.