“ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, დროა, ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა” – პრეზიდენტი

28
spot_img

დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა, მაშასადამე, ეროვნული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლა უნდა მოხდეს.

„2024 წლის ამოცანა ნათელია. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. მართლაც უნიკალური შანსი გვეძლევა, არა მხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას. ანუ ჩვენ, ჩვენივე ძალებით – და არა სხვაზე დამოკიდებულებით – შევქმნით ჩვენსავე დოვლათს. დღეს დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა, მაშასადამე, ეროვნული გზა. ევროპა რასაც გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია, ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა.

ამის მისაღწევად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავემშვიდობოთ მანკიერი საბჭოთა წარსულის ყველაზე მახინჯ წარმონაქმნებს. ეს ნიშნავს ძალაუფლების მოდელის გარდაქმნას და ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს: თავისუფალ კონკურენციას, აზრთა მრავალფეროვნებას, კომპრომისებსა და ძალაუფლების გადანაწილებას, ხშირად კოალიციურ მთავრობას და ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალებს შორის, სულ მცირე, დიალოგს, ქვეყნის ინტერესების ირგვლივ საერთო ენის გამონახვას; ეს ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, რათა წარმოიშვას ახალი ევროპული სტილის საბაზრო და სოციალური ეკონომიკა. სადაც დოვლათი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს, სადაც გამოცხადებული ბიუჯეტის ზრდა უნდა ისახებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობაზე, სადაც ადამიანი საკუთარ კერძო ინიციატივების დაუბრკოლებლად უნდა ახორციელებდეს, სადაც ტენდერები თავისუფალად და გამჭვირვალედ უნდა ტარდებოდეს. წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით, საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით, მფარველობით; ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს. ეკონომიკის გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცულობა, თუ პოლიტიკური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა – ყველაფერი სამართლიან, ანუ მიუკერძოებელ სასამართლოზე გადის. სასამართლოზე, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და ახორციელებს მას, სასამართლოზე, რომელიც იცავს სუსტს ძლიერისგან, დაუცველს პრივილეგირებულისაგან, მართალს ძალადობრივი წნეხისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.