“ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!”- კახა კალაძე

53
spot_img

აქ შეკრებილი ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების ენთუზიაზმი მარწმუნებს, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენ მიერ დაწყებულ პროცესს, ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ – საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და თანაპარტიელებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, არამედ იბრძვის საქართველოს გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლისთვის.

„მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის ლიდერებს, პარტიის თითოეულ წევრს, დამსწრე საზოგადოებას!

„ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება!”- ეს სიტყვები „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო „ქართული ოცნების” შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო.

დღესაც, როდესაც „ქართული ოცნება” მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას” – მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის! „ქართული ოცნება” არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლისთვის, ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის; ჩვენი უნიკალური კულტურის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის; ეკონომიკური წინსვლისთვის; საქართველოს გაერთიანებისთვის!“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა არა ფასადური, არამედ რეალური თავისუფლება.

„არ მომერიდება იმის თქმა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, განვლილი 12 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკის ამოსავალ წერტილად ადამიანი და მისი უფლებები დასახა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა არა ფასადური, არამედ რეალური თავისუფლება – ადამიანებს დღეს განსხვავებული აზრისა და პოზიციის დაფიქსირების არ ეშინიათ! რეალურად, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც თითოეულ მოქალაქეს, მთელ საზოგადოებასა და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ და მის განუხრელ დაცვაზე ვზრუნავთ! სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ევროპული დემოკრატიის მშენებლობა თავისუფალი, ღირსების შეგრძნებით სავსე საზოგადოების ჩამოყალიბების ნიადაგზე გაბედა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დგამენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს!“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნების“, როგორც საკუთარი ხალხის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაა.

„ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გვაქვს – დღეს ჩვენი, როგორც საკუთარი ხალხის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაა.

გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად გვესმის, რომ ამ გზაზე ურთულესი დაბრკოლებები გველის წინ, მით უფრო იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რასაც რადიკალები და მათი დამფინანსებლები ცდილობენ, რომ შექმნან. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული წევრის, ჩვენი გუნდის თითოეული მხარდამჭერის ერთიანობით, გავაძლიეროთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს საკეთილდღეოდ. ძალა, რომელიც მოქმედებს არა ემოციებით თუ თავსმოხვეული წესებით, არამედ რაციონალურად და ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით მართავს ქვეყანას.

საბოლოო მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგსაც საქართველოს მომავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიას ახალი შემართებით, სიმბოლურად, სწორედ ახალი ოფისიდან ვიწყებთ! აქ შეკრებილი ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების ენთუზიაზმი მარწმუნებს, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენ მიერ დაწყებულ პროცესს, ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ – საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა. დასასრულ, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალი ოფისის გახსნას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ! გაუმარჯოს საქართველოს, ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“!“, – განაცხადა კალაძემ.