
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების მიზანია იმ თანხის გამჭვირვალობა, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება.
მახაშვილმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო.
ლევან მახაშვილის განმარტებით, კრიტიკას ვერ მიიღებენ ადამიანებისგან, რომლებიც თავად არიან იმ პრობლემის წყარო, რასაც კანონი ეხება.
„იმ ვითარებაში არ ვართ, რომ მათ არგუმენტებით არ ვუპასუხოთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, შემოგვთავაზეთ-თქო. გამოსავალი არავის შემოუთავაზებია. მეტიც, ყველა დუმილით ელოდებოდა იმ პროცესებს, ვიდრე საპარლამენტო განხილვები დასრულდებოდა. ჩვენ ხმამაღალი განცხადებები არ გვჭირდება. ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვთ, არის საერთო გამოსავალი. თუ ვინმეს გამოსავალი აქვს, ამაზე ვილაპარაკოთ და ეს პრობლემა ასე გადავწყვიტოთ. ეს პრობლემა თუ რამით შეიძლება გაქრეს, ეს არის ის ცვლილებები, რაც მივიღეთ. ამ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი ნაბიჯებით ქმნიან. ამიტომ, კრიტიკას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ პრობლემას არათუ აგვარებენ, არამედ თავად არიან ამ პრობლემის წყარო. ბიუროკრატიაზე როცა ვსაუბრობთ, რაც უნდა გავაკეთოთ, მაგ ნაწილში ბრიუსელს ვერ ვაჯობებთ. რაც შეეხება დანარჩენს, გავიხსენოთ, რაზეა საუბარი – ჩვენი მიზანია, გამჭვირვალე იყოს ის ფული, რომელიც საქართველოში უკანონოდ შემოედინება. ჩვენ მიერ მიღებული კანონების მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო. მთავრობაზე მიმართვით უზრუნველყოფილი იქნება, რომ გვეცოდინება, საქართველოში რა თანხა შემოდის, რამდენს ხარჯავს და ვინ სად ხარჯავს. ამას ამდენი ხანია, ვითხოვთ და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კანონიერი არ იყო. მთავრობისთვის მიმართვა იქნება გარანტია, რომ ის თანხა, რაც საქართველოში შემოდის, ემსახურება არა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, არამედ იმას, რაც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.