„ჩვენი მიზანი ევროკავშირია“ – როზა გრიგორაშვილი

208
spot_img

გერმანულ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩვენი მიზანი ევროკავშირია“ (ავტორი – კლაუს-იურგენ გეფერტი), რომელშიც გადმოცემულია საუბრის შინაარსი როზა გრიგორაშვილთან – საოპერო მომღერალთან, საგუნდო დირიჟორთან და სამუსიკო პედაგოგთან. იგი გერმანიაში მუშაობს და მოღვაწეობს – ფრანკფურტისა და შტუტგარტის სამუსიკო სასწავლებლებში, სამუსიკო გუნდებში და ა.შ. როგორც ავტორი აღნიშნავს, იგი ახალგაზრდა ქალს გერმანულ ენაზე ესაუბრება, თუმცა მან ასევე კარგად იცის ინგლისური, ფრანგული, ესპანური, კატალონიური და სომხური ენები. „როზა იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან ევროპისაკენ მიილტვის.

2020 წელს საქართველოს ეროვნულმა სტატისტიკურმა სამსახურმა გერმანია იმ ქვეყნად დაასახელა, რომელშიც ქართული ევროპული ემიგრაცია ყველაზე მრავლად არის წარმოდგენილი – იმ დროს ოფიციალურად გერმანიაში საქართველოდან წასული 27 315 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად უფრო მეტი იქნებოდა. ჯერ კიდევ 2017 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ყველას გასაგონად განაცხადა, რომ „ევროპა – ეს ჩვენი ისტორიული ოჯახია, რომელთანაც გვსურს მუდმივი კავშირი გვქონდესო“. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთს არ სურს საქართველოს ევროპის ორბიტაზე გაშვება და მასზე გავლენის დაკარგვა“, – აღნიშნულია სტატიაში. „როზა გრიგორაშვილმა რუსეთის ფაქტორი ადრეულად გააცნობიერა: იგი რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდა, დედამისი ქართული ენის მასწავლებელია, მამა კი ხელოსანი, ბავშვობიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მიიღო სტიპენდია გერმანული ორგანიზაციისაგან… სწორედ მაშინ დაისახა მიზნად, რომ გერმანიაში წავიდოდა. როზა გრიგორაშვილის საყვარელი კომპოზიტორია იოჰან სებასტიან ბახი, ხოლო საყვარელი დირიჟორი – ჰერბერტ ფონ კარაიანი. 2018 წლიდან ჯერ ლიუბეკში გააგრძელა სწავლა, მაგისტრი გახდა, შემდეგ მცირე ხანს პოლონეთში დაყო და 2021 წელს ისევ გერმანიაში, ამჯერად ფრანკფურტში ჩავიდა. რა ხდებოდა იმ დროს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებში?

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დიდი ხანია სურს, ასოცირების ხელშეკრულებაც გაფორმებულია, მაგრამ ბრიუსელი წევრად მიღებას ნაადრევად მიიჩნევდა. 2022 წლის მარტში კი, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირში წევრობის მიზნით , შესაბამისი განაცხადი შეიტანა. ევროკავშირის ვერდიქტი მკაცრი აღმოჩნდა – საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, თბილისს რიგი პირობების შესრულება მოსთხოვეს: კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.“, – აღნიშნულია სტატიაში. პუბლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი სტატიის ერთ-ერთი ნაწილი სათაურით „მეტი საქართველოს შესახებ“, რომელშიც გადმოცემულია გეოგრაფიულ-დემოგრაფიული მონაცემები, პოლიტიკური მოვლენები (დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წელს, სეპარატიზმის გაღვივება, რუსეთთან ომი 2008 წელს, ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება). მასში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, საქართველომ უამრავი უკრაინის მოქალაქე (ლტოლვილი) შეიკედლა, მათ დაემატნენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო კრემლის რეჟიმს საქართველოში გამოექცნენ. „2012 წლიდან საქართველოს მართავს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“. 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოპოზიციამ გაყალბებულად შეაფასა. როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ („რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, „ემნისტი ინტერნეიშენელი“), საქართველოს პრობლემები აქვს დემოკრატიის დაცვაში, კორუფციასთან ბრძოლაში, სასამართლო სისტემა გასაუმჯობესებელია, ირღვევა ჟურნალისტთა უფლებები… ასეთ სიტუაციაში მყოფი ქვეყნიდან სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას და ევროპაში მიდის, მათ შორის გერმანიაშიც“, – ნათქვამია სტატიაში. ფრანკფურტში მყოფი როზა გრიგორაშვილი ცდილობს რამდენიმე სიტყვით გამოხატოს, თუ რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება: პირველი – „უსაფრთხოება“, მეორე – „ადამიანის უფლების დაცვა“, მესამე – „მაღალხარისხიანი განათლება“. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქართველი ქალი თვლის, რომ მას ევროკავშირში და კერძოდ, გერმანიაში შეუძლია პირადი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაც ისე, რომ ქართული ტრადიციები და თვითმყოფადობა არ დაკარგოს“. ეს ერთ-ერთი მიზეზთაგანია იმისა, თუ რატომ არ სურს როზა გრიგორაშვილს გერმანიის მოქალაქეობა.

იმიტომ, რომ თუ გერმანიის მოქალაქე გახდება, იგი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს. მისი სამშობლოს კანონებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. „ალბათ, კარგი იქნებოდა ორი ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მირჩევნია ვიყო საქართველოს მოქალაქე, სადაც ჩემი მშობლიური სახლია“, – ამბობს ქართველი მუსიკოსი გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში. გერმანიაში ყოფნისას როზა გრიგორაშვილმა შეამჩნია, რომ გერმანელების დიდმა უმრავლესობამ არაფერი არ იცის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ – რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზებისა და კრემლის მიერ ქართული მიწა-წყლის ოკუპაციის შესახებ, აფხაზურ-ოსური სეპარატიზმის ირგვლივ… როზა გრიგორაშვილი იხსენებს: „მე 11 წლისა ვიყავი, როცა ჩემმა უფროსმა ძმამ თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო – რუსეთის არმიას მთავარი გზა გადაკეტილი ჰქონდა… ეს იყო დიდი შიშისა და საფრთხის პერიოდი“. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ბევრი ქართველი შეშფოთებულია და ფიქრობენ, რომ შეიძლება რუსეთი მათ ქვეყანაშიც შეიჭრას. „ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ“, – ამბობს როზა და იქვე ამატებს, რომ მას გერმანიაში, ფრანკფურტში, რუსი მეგობრებიც ჰყავს, რომლებთანაც მუსიკაზეც საუბრობს და პოლიტიკაზეც. იგი არ საყვედურობს თავის რუს მეგობრებს კრემლის პოლიტიკის გამო: „მე მათ არ ვეუბნები, რომ ოკუპანტი ხარ-მეთქი… ზოგიერთი რუსი კომპოზიტორისა და არტისტის პოზიციას კი ვგმობ და მათ ბოიკოტს ვუცხადებ. რაც შეეხება რუსულ მუსიკას, მას არ ვივიწყებ“. როზა გრიგორაშვილის თქმით, გერმანიაში დღეს ბევრი ქართველი ახალგაზრდა ჩადის. რა თქმა უნდა, ყველას ისე არ უმართლებს, როგორც მას გაუმართლა. ბევრის მიზანს სწავლა კი არა, მუშაობა და პოლიტიკური თავშესაფრის მიღება წარმოადგენს. 2022 წელს თავშესაფარი თითქმის რვა ათასმა ქართველმა ითხოვა, მაგრამ მათი იმედები სრულიად უპერსპექტივოა: განაცხადების 99% უარყოფილია, რადგან გერმანიის მთავრობა საქართველოს საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყნად თვლის. თუმცა სინამდვილეში საქართველო შორს დგას დემოკრატიული სტანდარტებისაგან. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო იხრება ავტორიტარიზმისაკენ. 2023 წლის დასაწყისში საქართველოში მასობრივი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები ჩატარდა რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მიღების საწინააღმდეგოდ (მაგალითად, კანონი „უცხოელი აგენტის შესახებ“). მთავრობა იძულებული გახდა კანონპროექტის განხილვა შეეჩერებინა და უკან გაეწვია. თუმცა მოგვიანებით საქართველო დათანხმდა რუსეთთან 2019 წელს შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მეორე მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება.

როზა გრიგორაშვილს თავისი ქვეყნის პოლიტიკის შესახებ საუბარი არ სურს, რადგან იქ მისი ოჯახი ცხოვრობს. მას მჭიდრო კონტაქტები აქვს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კონსერვატორულ მეგობრებთან. „მე გერმანიაში თავს უცხოელად არ ვგრძნობ“, – ასეთია მისი დასკვნა ფრანკფურტში ცხოვრების ორწლინახევრის შემდეგ. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დღის წესრიგში დგება პრინციპული საკითხი: შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთის რეჟიმის გავლენიდან გამოსვლას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოძრაობის გაგრძელებას? პირადად როზა გრიგორაშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება: „გერმანია ქართველებს დიდ შესაძლებლობებს აძლევს. კარგი იქნება, თუ გერმანია ქართულ დიპლომებს აღიარებს. როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, იგი შესაძლოა საცხოვრებლად თავის სამშობლოში დაბრუნდეს“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო