ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს არჩევანი კეთდება – ომსა და მშვიდობას შორის , – ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია და აღნიშნა, რომ კამპანია ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება!
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,
მივესალმები აქ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენი პარტიის თანამებრძოლებს, მოწვეულ სტუმრებს.
მსურს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმოთ თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
მოგეხსენებათ, დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო.
დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება!
სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში, ერთ ძლიერ გუნდად, საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა!
ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა, ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”, – განაცხადა ღარიბაშივლმა.