ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და როდესაც ევროკომისიის დასკვნების საფუძველზე საუბრობ, გაიმარჯვებ.
„გუშინდელი სხდომა უნდა განვიხილოთ ისე, როგორც პრაქტიკული მტკიცებულება, რასაც „ხალხის ძალა“ და ზოგადად, უმრავლესობა ვამბობდით, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათივე ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და დასკვნების შესაბამისად. სამწუხაროდ, იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. გუშინდელ სხდომაზე, როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს იმის საწინააღმდეგო პოზიციას, რაც ევროკომისიამ დასკვნის სახით გამოაქვეყნა, ეს ზუსტად ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც პარალელური ინტერესი. ბევრი ევროპარლამენტარი კორუფციაზეა დაკავებული ან რაღაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს, რომელიც ასევე საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დელეგაციის გუშინდელი გამოსვლა პრაქტიკულად დასრულდა 10:0, ქართული დელეგაციის სასარგებლოდ. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი კარგად გამოვიდა, არამედ, იმიტომაც, რომ სიმართლე იყო და არის ჩვენს მხარეს. როდესაც სიმართლეა შენს მხარეს, როდესაც ევროკომისიის დასკვნების საფუძველზე საუბრობ, გაიმარჯვებ. ევროპარლამენტარი როდესაც იტყუები, შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოებას, როდესაც ევროკომისიის დასკვნას მალავ და საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, ამ ტყუილს არავინ გაგიტარებს, პირველ რიგში, ევროპაში. ევროპა არის დემოკრატიის ის საფუძველი, სადაც ამბობენ, რომ სამართლიანობა უნდა იყოს. ევროპის გადაწყვეტილებასა და დასკვნას როცა საზოგადოებას დაუმალავ და უკუღმა გააცნობ, ბუნებრივია, ამას არავინ არ გაგიტარებს, არც ევროპაში და არც საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.