
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიზანი არის რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ოვალურ კაბინეტში ეს ძალისხმევა ჩაშალა.
„ჩვენ ვცდილობთ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ…
ყველამ იცის ისტორია, რა იყო და რა არის… ჩვენ ეს გვესმის. ეს ყველას გვესმის. მაგრამ ახლა ისმის კითხვა, შეგვიძლია თუ არა მათი მიყვანა მოლაპარაკებისთვის მაგიდასთან? – ეს არის ჩვენი მიზანი. და არაფერი გააკეთო ამის შესაფერხებლად. ეს არის ის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, სამწუხაროდ, მან იპოვა ყველა შესაძლებლობა და სცადა “უკრაინული ახსნა” ყველა საკითხზე.
შემდეგ, ის უპირისპირდება ვიცე-პრეზიდენტს, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ამბობს: „მიზანი აქ არის დიპლომატია“, ის [ზელენსკი] ხტება და უპირისპირდება ვიცე-პრეზიდენტს: „აბა, როგორი დიპლომატია?“, – განაცხადა რუბიომ.
რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც აქვს შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა ნახოს, რა იქნება საჭირო ომის დასასრულებლად.
„შესაძლოა მათი [რუსების] პრეტენზიები იყოს ის, რაც მათ სურთ, მათი მოთხოვნები იყოს არაგონივრული, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უნდა მივიყვანოთ ისინი მაგიდასთან. თქვენ ვერ მიიყვანთ მათ მაგიდასთან, თუ მათ სახელებს დაარქმევთ ან ხართ ანტაგონისტი”, – განაცხადა რუბიომ.
ABC-ის ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, რას ზელენსკისთვის „დიქტატორის“ წოდება, მაშინ როცა პუტინს სახელს არ არქმევ, რა ნიშნავს.
„ჩვენ სამი წელი გავატარეთ ვლადიმერ პუტინისთვის სახელების დარქმევაში. წერტილი, სადაც ჩვენ ახლა ვართ, არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ კაცი მაგიდასთან მივიყვანოთ”, – აღნიშნა რუბიომ და დასძინა „ყველას ვეკითხები, თუ მოლაპარაკებები არ არის, მაშინ რა არის ალტერნატივა?”
რუბიოს თქმით, „აქ არავის აქვს პრეტენზია, რომ ვლადიმერ პუტინი მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას წელს, ან რომ ის უნდა იყოს ჰუმანიტარული ასოციაციის წლის მამაკაცი, არამედ საუბარია იმაზე, რომ უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა გზა, რათა მათ ომი შეწყვიტონ და ერთადერთი გზა არის რუსების მოლაპარაკებებში ჩართვა“.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარასკევის ოვალური კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.
ასევე, რუბიომ უსაფრთხოების გარანტიებს „შეკავება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ყველას ესმის“, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა იქნას დაწესებული, მაგრამ პირველი ნაბიჯი არის „დაინახოს, შესაძლებელია თუ არა” რუსეთთან ურთიერთობა.
„ეს ნათლად აუხსნეს უკრაინელებს და ევროპელებს და ყველას, ვისაც სურს იცოდეს, უკვე კვირებია, ერთადერთი, რაც მათ უთხრეს: არ გააკეთონ ის, რაც შეაფერხებს მას. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, იცით, ვერ შეიკავა თავი ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის გადატვირთვა შეიძლება. ვიმედოვნებ, ის გააცნობიერებს, რომ ჩვენ რეალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მის ქვეყანას”, – განაცხადა რუბიომ.