საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იყო პანელურ დისკუსიაში „ფინტექის მომავალი მზარდ ეკონომიკაში“.
„სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ფინტექ ინდუსტრიაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად ეროვნული ბანკის იმ მიდგომაზე, რომელიც ღია პოლიტიკაზე ორიენტირებულ სტრატეგიას ეფუძნება და საბაზისო ფინტექ ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც წესი, ფინტექ ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინოვაციების მხარდამჭერი მარეგულირებელი გარემოს მოძიებას. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ცდილობს შექმნას გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო.
„ჩვენ ფინტექ კომპანიებს და ინვესტორებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობას ვთავაზობთ. ნებისმიერი ლიცენზია თუ ნებართვა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ სერვისებთან, შესაძლებელია ამ წესით მიიღონ. მსგავს პრაქტიკას ვერ შეხვდებით ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს შუა დერეფნის ფინტექ ჰაბად. მისი საშუალებით, ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობა, ახალი ფინანსური ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი გახდება. ეს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც დამატებით ღირებულებას შექმნის და ამ მხრივაც საინტერესო ინიციატივაა. სებ-ის როლს ძირითადად, ფინტექ ინფრასტრუქტურის ხელშემწყობ რგოლად აღვიქვამთ, რომელიც კომპანიებს ბაზარზე შესვლის ბარიერების აღმოფხვრაში დაეხმარება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მიმართულებას, თუ რატომაა საქართველო რეგიონულ ფინტექ ჰაბად პოზიციონირებისთვის მიმზიდველი ადგილი. მისი განცხადებით, საქართველოს ღია პოლიტიკით განსაზღვრული დიჯიტალიზაციის სტრატეგია აქვს, რომლის ძირითად საყრდენს სწორედ რეგიონული თანამშრომლობის ფინტექ ინიციატივები წარმოადგენს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოებასა და დაცულობაზე, ბაზრის განჭვრეტადობასა და კონვენციური ბანკის პირობებში ნდობის შენებაზე, მსურს აღვნიშნო, რომ ფინტექსა და ტრადიციულ საბანკო სერვისებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს ძალიან დიდი უპირატესობაა. ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზებული სამართლებრივი სისტემა და გეოპოლიტიკური მდებარეობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, განაპირობებს საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, შექმნას რეგიონული ჰაბი და საქართველო მთავარ დანიშნულების ადგილად აქციოს”, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
პანელური დისკუსიისას, ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ინოვაციურ ქართულ საბანკო სექტორზე, რომელმაც თანამედროვე IT გადაწყვეტების გამოყენებით თავისი სისტემა უფრო მოქნილი გახადა, შედეგად კი “ნოუ ჰაუ” რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში როგორც ღია ბანკინგის, ისე ციფრული ბანკინგის რეგულაცია ევროპის ცენტრალური ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძლიერი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა აქვს. ეს სექტორი არა მხოლოდ ჯანსაღი და მომგებიანი, არამედ ინოვაციურიცაა. მინდა აღვნიშნო, რომ ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კომერციულმა ბანკებმა ლიდერის როლი შეითავსეს.
საქართველოში წარმოდგენილი კომერციული ბანკები არიან ძალიან თანამედროვეები, რომლებიც ბევრ პროფესიონალს აერთიანებენ. ისინი მზად არიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში დააბანდონ ფული, განსაკუთრებით ციფრული მიმართულებით. საქართველოსთვის ეს არის საკმაოდ დიდი სარგებელი, ქვეყანა მომგებიან პოზიციაშია, ვინაიდან ხელს უწყობს ფინტექ მიმართულებით ინფრასტრუქტურის შენებასა და თანამედროვე პროდუქტების შექმნის პროცესს. ჩემი აზრით სტაბილურობა, განგრძობადობა და განჭვრეტადობა რეგულაციების მიმართულებით, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროებთან მიმართებით, ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კერძოდ 500 Global-ის პარტნიორი პედრო ვიეირა, MME-ის იურიდიული პარტნიორი, არაერთი საერთაშორისო ტექნოლოგიისა და ფინანსური ბაზრის კომპანიის მრჩეველი ანდრეას გლარნერი, Bybit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბენ ჟოუ, Pave-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი სალიმ დანანი. პანელს მოდერატორობდა BBC World News-ის ცნობილი წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” საქართველო წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ეს არის ორდღიანი პლატფორმა, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში წელს საქართველოს 60 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.