ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება – კიევი მკაფიოდ გვეუბნება, რომ მას სჭირდება შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების თავდასხმითი სისტემები – იგივე ამერიკული „ატაკამსები“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა, ყოფილმა ელჩმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დაგლას ლუტიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას სურს დაარტყას რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრებს, რუსეთის ლოჯისტიკურ ნაწილებს, სატრანსპორტო კვანძებს, მოქმედ ქსელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს ობიექტები მისი თავდასხმის რადიუსში, რისკის ქვეშ მოაქციოს.
„ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება. ის გამუდმებით გვაწვდის თავისი სამხედრო მოთხოვნების სიას. რა არის ამ სიაში? პირველ ყოვლისა, ესაა უკვე მიწოდებული აღჭურვილობისთვის ტექნიკური უზრუნველყოფა და მომარაგება… უმნიშვნელოვანესია ამუნიციაც ამ შესაძლებლობებისთვის, კერძოდ კი საარტილერიო ჭურვები. ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, კიევისთვის „კასეტური ბომბების“ მიწოდების თაობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საარტილერიო ჭურვები უკვე მზადაა და შეიძლებოდა მათი უკრაინისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება.
უკვე მიწოდებული იარაღისა და სისტემების გარდა, კიევი მკაფიოდ გვეუბნება, რომ მას სჭირდება შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების თავდასხმითი სისტემები – იგივე ამერიკული „ატაკამსები“. უკრაინას სურს დაარტყას რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრებს, რუსეთის ლოჯისტიკურ ნაწილებს, სატრანსპორტო კვანძებს, მოქმედ ქსელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს ობიექტები მისი თავდასხმის რადიუსში, რისკის ქვეშ მოაქციოს. ეს კი იმისთვის, რომ ომი მიმდინარეობდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველის წინა ხაზზე, უშუალო შეხებით, ახლო დისტანციაზე, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეშიც.
მე მხარს ვუჭერ უკრაინელებისთვის „ატაკამსების“ მიცემას. მეტიც, F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიცემასაც… დროა ეს გავაკეთოთ. ომი 18 თვეა, რაც გრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინას არ აქვს ის სამხედრო შესაძლებლობები, რაც ომის მოსაგებად სჭირდება. მინდა ვნახო უფრო მეტად აგრესიული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიხილოთ უკრაინის დახმარების პაკეტების გაგრძელებაც ადმინისტრაციისა და კონგრესის ერთობლივი მუშაობის შედეგად“,- აღნიშნა დაგლას ლუტიმ.
მისივე თქმით, ამერიკამ და ნატო-ს სხვა მოკავშირე წევრებმა უკრაინისგან მიიღეს პირობა, რომ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ ეს პირობა შეასრულა, მას დასავლური სისტემები რუსეთზე თავდასხმისთვის არ გამოუყენებია.
„ეს არ შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიას. ეს ეხება 2014 წლამდე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ამ დრომდე უკრაინელთა პირობა, რომ ბრძოლა ამ ტერიტორიაზე აწარმოოს და დასავლური იარაღი მის მიღმა, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენოს, დაცულია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავუჯეროთ პრეზიდენტ ზელენსკის, უნდა დავუჯეროთ უკრაინის სამხედრო ლიდერებს, როცა ისინი ამ პირობას გვაძლევენ. ჩვენ უნდა გვქონდეს მათდამი რწმენა და მივაწოდოთ შორი რადიუსის მქონე ის სისტემები, რომლებიც სჭირდებათ.
მიმაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი სამხედრო ლოგიკა იმაში, რომ უკრაინას უარს ვეუბნებოდეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც [რუსებისთვის] წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება.
გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ დაეხმაროს სხვა წევრ ქვეყანას თავის დაცვაში. სწორედ ესაა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამავე ქარტიით, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მივცეთ უკრაინას ის საშუალებები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“,- აღნიშნავს დაგლას ლუტი.