
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰუსიტებზე“ შურს იძიებს მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მიერ გაშვებული რაკეტა ისრაელის მთავარი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ დაჯგუფებას დარტყმებით დაემუქრა და განაცხადა: „ჩვენ წარსულში თავს დავესხით, მომავალშიც შევუტევთ“.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ იემენიდან გაშვებული რაკეტა 4 მაისის დილას თელ-ავივის გარეუბანში მდებარე ბენ გურიონის აეროპორტის მთავარ ტერმინალთან დაეცა.
აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, კიდევ ორმა გაქცევის დროს მიიღო დაზიანება.
„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა იაჰია სარიმ ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელის აეროპორტი „საჰაერო მიმოსვლისთვის უსაფრთხო აღარ არის“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა: „ნებისმიერს, ვინც ჩვენ დაგვარტყამს, ჩვენ შვიდჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ“.
ებრაული მედიის ცნობით, ბენ გურიონის აეროპორტის ტერიტორიაზე „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ დღეს 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
ზოგიერთი ავიაკომპანია ასევე აუქმებს ფრენებს მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში. მათ შორის, British Airways-ი აცხადებს, რომ 7 მაისამდე აჩერებს ყველა რეისს თელ-ავივის მიმართულებით და თელ-ავივიდან. Air India აცხადებს, რომ 6 მაისამდე შეაჩერა ფრენები. Lufthansa Group-მა, რომელიც მოიცავს Austrian Airlines-ს, Swiss-ს, Brussels Airlines-ს და Eurowings-ს, ასევე შეაჩერა ფრენები 6 მაისამდე.