ჩვენ თუ დამოუკიდებლობა, სახელმწიფო ნამდვილად გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. რომლებიც ჯერ შეიძლება, კიდევ ცოცხალია და შეიძლება, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მათთვის ილოცეს. ამავდროულად, ილოცეს 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.
ამ ორ ტრაგედიაში, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, ბოლომდე თანხვედრა არ არის. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასევე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის, რომლის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.
ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.