
ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს.
„რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამღუპველი იქნებოდა. ისინი კატეგორიულები იყვნენ. თუმცა, ბოლო დღეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვთ, რადგან ასეთი დავალება მიიღეს. მერწმუნეთ, ამ ადამიანებს არანაირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გავიხსენოთ მათი განცხადებები და გაიხსენეთ ჩემი შეფასებებიც. მე ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არც საკუთარ თავებს, არც ოჯახებს, არც ქვეყანას არ ეკუთვნიან. როდესაც აგენტი ხარ, გარე დავალებებს ასრულებ. ადრე ასეთი დავალება ჰქონდათ და ასე საუბრობდნენ, დღეს სხვა დავალება აქვთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვნახოთ, როგორი პრინციპულები იქნებიან.
არჩევნებში მათ არანაირი რესურსი არ აქვთ. ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება. მსგავს დაჯგუფებებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ექნებათ. როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.