ჩვენ ომში ვართ, ტერორისტული ჯგუფების წინაშე ვერ დავნებდებით -ეკვადორის პრეზიდენტი

38
spot_img

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ ციხის 130-ზე მეტი ზედამხედველი და სხვა თანამშრომლები. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენ ომში ვართ და ამ ტერორისტული ჯგუფებს ვერ დავნებდებით“, – განაცხადა ნობოამ.

ნობოას თქმით, ეკვადორში სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაახლოებით 20 000 აქტიური წევრია.

როგორც „როიტერი“ წერს, „სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ციხის თანამშრომლებს უკიდურესად ძალადობრივად ექცევიან, მათ შორის არის დახვრეტის კადრებიც“.

ეკვადორის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, „ლოს ჩონეროსის“ ლიდერის, ფიტოს გაუჩინარების შემდეგ გამოაცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, სადაც ციხე მდებარეობს, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 22 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ისინი სამხედრო სამიზნეებად დაასახელა და შეიარაღებულ ძალებს მათ წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარება უბრძანა. ნობოამ თქვა, რომ ქვეყანა ამ კვირაში დაიწყებს უცხოელი პატიმრების, განსაკუთრებით კოლუმბიელების დეპორტაციას, რათა შეამციროს ციხეში მყოფი ადამიანების რაოდენობა და ხარჯები.

ამასთან, პერუმ ეკვადორის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების ძალები განათავსა.