ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ქართველი სამართალდამცველები ევროპელ კოლეგებთან ერთად წლებია მუშაობენ.
„ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ ქართველი სამართალდამცველები ევროპელ, განსაკუთრებით გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად და კონკრეტული შედეგები აქვთ, მაგრამ მათ [ოპოზიციას] თავისი აწუხებთ. ეს იყო მათი დაფინანსების მთავარი თემა და წყარო. ეს გაიშიფრა. ძალიან ავტორიტეტულმა უცხოურმა ტელევიზიამ, BBC-მ გაშიფრა და ახლა უნდათ, რომ ისრები რამენაირად სხვაგან გადაიტანონ, ამიტომ არიან ამით შეშფოთებულები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, დეპუტატები მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.