პოლონეთს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ არა ეკონომიკის კონკრეტული სფეროსთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ჩეხეთში ვიზიტისას გააკეთა, სადაც დონალდ ტუსკი „ვიშეგრადის ოთხეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობდა.
„ჩვენ გვსურს უკრაინის დახმარება. ეს უდავო ფაქტია, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც სასიკვდილოა ეკონომიკის მთელი სფეროსთვის“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
ტუსკის თქმით, პოლონეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკა შეიცვალოს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმება, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორს დამატებით შეზღუდვებს უწესებს. ტუსკის თქმით, კლიმატის ცვლილების შეჩერების მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, მაგრამ გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება საშუალო და მცირე ფერმერებს