ჩვენ ევროკავშირს დავნებდით: პრემიერ-მინისტრმა არჩევნების დროს დადებული პირობა ბრექსიტის თაობაზე უსირცხვილოდ დაარღვია – The Daily Telegraph

3
spot_img

ბრიტანულ პრესაში ფართოდ განიხილება ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერსა და ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის 19 მაისს ხელმოწერილი (პირველად „ბრექსიტის“ შემდეგ) ორმხრივი შეთანხმება, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართლის სფეროებში თანამშრომლობას, მიწოდებული პროდუქციის კონტროლის ორმხრივ გაუქმებასა და ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თავისუფალი თევზჭერის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. ლეიბორისტული მთავრობის ასეთმა ნაბიჯმა ანტიევროპულად განწყობილ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში (ბრექსიტის მხარდამჭერებში) მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია.

გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ჩვენ ევროკავშირს დავნებდით: პრემიერ-მინისტრმა არჩევნების დროს დადებული პირობა ბრექსიტის თაობაზე უსირცხვილოდ დაარღვია“, რომლის ავტორია ნაიჯელ ფარაჯი, ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი, თემთა პალატის წევრი, „გაერთიანებული სამეფოს რეფორმირების“ (ყოფილი ბრექსიტის) პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. პუბლიკაციაში მწვავედაა გაკრიტიკებული ქვეყნის ლეიბორისტული მთავრობა და მისი ევროინტეგრაციული პოლიტიკური კურსი, რომელიც აღნიშნული შეთანხმების დადებით გამოიხატა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

განა ვინმე ამას იფიქრებდა? კირ სტარმერმა, რომელიც ფიცს სდებდა, რომ ბრექსიტის პირობებს დაიცავდა, ახლახან ევროკავშირთან ხელი მოაწერა შეთანხმებას კაპიტულაციის შესახებ. ეჭვი არავის შეგეპაროთ: ეს დოკუმენტი ჩვენ ბრიუსელის ორბიტაზე გვაბრუნებს – ფაქტიურად, ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტის უდიდესი ნაწილი გადავეცით, სამაგიეროდ კი ძალიან მცირე მივიღეთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ევროკავშირში  მოლიპული გზით დაბრუნების დასწყისი: მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი ხელგაშლილად, ტაშით შეხვდება ბრექსიტის გაუქმებას.

თავის დროზე ბრექსიტის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტი გახდა ის, რომ ჩვენ, როგორც იქნა, ევროპასთან კონკურენციაში უპირატესობა გაგვიჩნდა. დებულებები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებაშია დაფიქსირებული, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძველებურად ევროკავშირის წესების ტყვეობაში ვბრუნდებით – იმ წესების კონტროლის ქვეშ, რომლებიც გვაიძულებს მუდმივად დავიცვათ ევროკავშირის სტანდარტები

კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ის, რომ დიდი ბრიტანეთი იძულებული იქნება აღიაროს ევროპული სასამართლოს უპირატესობა, მისი უზენაესობა ბრიტანულ სასამართლოსთან შედარებით, ნებისმიერი დავის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ვალდებულები ვხდებით უცხო სასამართლოს გადაწვეტილებას დავემორჩილოთ.

კირ სტარმერი სრულ [გონებრივ] უუნარობას იჩენს, მას არ შეუძლია ჩასწვდეს იმას, თუ რა ამოძრავებდათ ბრიტანელებს 2016 წელს, როცა მათ ხმა ბრექსიტს მისცეს. დღეს კი ჩვენ იმის მოწმენი ვხდებით, რომ უქმდება ბრექსიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი – გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებსაც ბრიტანული სასამართლოები იღებენ, შეფასებული და ინტერპრეტირებული უნდა იყოს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და არა სადღაც უცხოეთში. და რაც უფრო ყველაზე უარესია, კირ სტარმერი თვითონ სთავაზობთ ევროკავშირს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების უცხოეთიდან კონტროლის ხარჯები დიდმა ბრიტანეთმა დაფაროს.

რაც შეეხება თევზჭერას: ლეიბორისტული მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ნიშნავს, რომ ჩვენი თევზის მრეწველობა სრულიად ნადგურდება – უკვე სამუდამოდ. ეს არის ლეიბორისტების ღალატი ეკონომიკის იმ დარგის მიმართ, რომელიც ბრექსიტის შემდეგ უნდა აყვავებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ, სადაც 2016 წლიდან ერთმანეთს სხვადასხვა პარტიები ცვლიდნენ, მათ შორის კონსერვატორები და ლეიბორისტები, ბრიტანელი მეთევზეების ინტერესები გაყიდა. ეს არის მორიგი სრული უპასუხისმგებლო მოქმედება ოდესღაც უდიდესი დარგის მიმართ. ეს არის თევზჭერისა და თევზის მრეწველობის დაღუპვა, რომლის კუბოზე კირ სტარმერმა ბოლო ლურსმანი ჩაასო.

ჩავიხედოთ, რა წერია  დოკუმენტში: დიდი ბრიტანეთი უფლებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნების თევზმჭერ გემებს თავისუფლად გადაადგილდნენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში 12 წლის განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და შეზღუდვების გარეშე. იმდენად, რამდენადაც ხანდაზმული მეთევზეები, ასაკის თანახმად, დარგს ტოვებენ, ახალგაზრდებს კი არც დასაქმების და არც ინვესტირების (ახალი გემების ყიდვის) შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ამით ბრიტანულ თევზის მრეწველობის დარგს დაღუპვა ემუქრება. ძალიან სულელურ სიტუაციაში ვვარდებით: ევროპული სუპერტრაულერები ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ჩვენს თევზს იჭერენ და შემდეგ ჩვენვე გვთავაზობენ, იყიდეთო. ეს ნიშნავს ბრიტანელი მეთევზეების გაკოტრებას.

კირ სტარმერი დიდი ხანი არაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, მან კი უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა. მათგან ერთ-ერთი ის არის, რომ მან ოჯახურ ფერმერებს მემკვიდრეობის გადასახადის გადახდა დააკისრა, ახლა კი მიზანში ამოიღო ჩვენი თევზმჭერი სექტორი. ლეიბორისტული მთავრობა ძირს უთხრის ბრიტანეთის შესაძლებლობას თვითონ აწარმოოს საკუთარი საკვები პროდუქტები.

რას ვიღებთ ჩვენი უფლებებისა და ქონების უცხოეთისათვის გადაცემით? რა გგონიათ – ჩვენს რომ ამდენს ვაძლევთ ევროკავშირს, კირ სტარმერმა რაიმე სერიოზულ დათმობებს მიაღწია ურსულა ფონ დერ ლაიენისაგან?

სამწუხაროდ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მთავარი „უპირატესობა“, რომელზეც კირს სტარმერი ლაპარაკობს, იმით გამოიხატება, რომ ბრიტანელები, რომლებიც ევროკავშირში მოგზაურობენ, ახლა აეროპორტებში ელექტრონული გასასვლელით ისარგებლებენ, მაგრამ ამ ე.წ. „უპირატესობას“ – იმასთან შედარებით, რასაც ვკარგავთ – ნულოვანი მნიშვნელობა აქვს. დოკუმნტის ტექსტში არსად არ არის ნათქვამი, რომ ბრიტანელებს ელექტრონული კარით სარგებლობისას რიგში დგომა არ მოუწევთ. არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს აეროპორტების მოხელეები ვალდებულნი არიან ბრიტანეთის მოქალაქეები ყოველგვარი დაბრკოლებისა და დროის დაკარგვის გარეშე გაატარონ.

ამრიგად, სახეზეა ბრიტანეთის მოსახლეობის ინტერესების ღალატი: რადგან დიდი ბრიტანეთი ისევ ხდება უცხოური სასამართლოს მხრიდან ზემოქმედების ობიექტი, რადგან ბრიტანულ თევზის მრეწველობაზე ღიად ხდება სასიკვდილო დარტყმის მიყენება და ამდაგვარი უბედურება, კირ სტარმერის მიერ დადებული გარიგება ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე უარესი ხელშეკრულება.

არჩევნების დროს კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ ბრექსიტის იდეებს არ უღალატებდა. მან განაცხადა, რომ ძველი ჭრილობების გაღიზიანება არ სურს… მაგრამ ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის პირობის ღია, უსირცხვილო და მოღალატეობრივი დარღვევა.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ