გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მაგალითზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დაფიქსირებული აქვს მზაობა, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული პარტნიორობა.
„ოპოზიციას ერჩივნა არსებული ადმინისტრაციის დარჩენა, თუმცა, მათ როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაშიც წააგეს არჩევნები და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება და მათ შორის, პირველ რიგში შეიცვლება ის, რომ იქნება მეტი სამართლიანობა აშშ-სგან. ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი მზაობა, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ადმინისტრაციასთან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რისკები ძალაში რჩება და მათ შორის იმის გამოც, რომ გარკვეული დრო დასჭირდება პრეზიდენტ ტრამპს ვითარების გადასალაგებლად, მათ შორის „დიფ სთეითის“ დასამარცხებლად, რომელიც არის მისი გაცხადებული მიზანი. აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ეს ყველაფერი პირველ რიგში გამოჩნდება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მაგალითზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ სანქციებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი, სამწუხარო ანტიქართული გადაწყვეტილებები.
„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსამართლობა და ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, იმედი გვაქვს, რომ რომელი ანტიქართული გადაწყვეტილებებიც წარსულში იქნა მიღებული, ის გადაწყვეტილებებიც გადაიხედება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.