ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი – გვაქვს ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს “დიფ სთეითის” გავლენით – ირაკლი კობახიძე

0
spot_img

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ამერიკული გზავნილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვას, კერძოდ, საელჩოს განცხადებაზე, რომლის თანახმად “ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი”.

კობახიძის თქმით, არის ეჭვი, რომ გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც “დიფ სთეითის” გავლენით.

“რაც შეეხება ამერიკულ გზავნილს, ჩვენ არ ვიცით, ზუსტად, რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი, გამომდინარე ქალბატონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან, გვაქვს ეჭვი, რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან, სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც მოქმედებს კვლავაც “დიფ სთეითის” გავლენით. ამას ამყარეს რა – ჩვენი პასუხი, ბიძინა ივანიშვილის პასუხი იყო საჯარო, მან განაცხადა, შემდეგი რამ: ბიძინა ივანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ, პირდაპირი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება. არა მარტო ფინანსური, სანქციები, მანამდე იყო დე ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს და სხვებს, ჩვენს შემთხვევაში ანალოგიური ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს. ჩვენ არ ვართ არც ფორმალური არც არაფორმალური სანქციების ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი უნდა იყოს ბუნებრივია, რატომ თქვეს, ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი მაგალითად, პრემიერ-მინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემასა და გაზიარებაზე. რა თქმა უნდა ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბიძინა ივანიშვილამდე ხომ? ამის პრობლემა არ იყო”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 28 მაისს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა:

“ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“,- წერია განცხადებაში.