ჩვენ არ წავსულვართ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად, – ეს განცხადება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვისას გააკეთა. აუდიოჩანაწერს პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამარხზე ავრცელებს.
პრიგოჟინი საუბრობს „ვაგნერელების“ მომზადების მაღალ დონესა და მათ მიზანზე.
„ჩვენი მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო, გზად ჩვენ არ მოგვიკლავს არცერთი სამხედრო ხმელეთზე, სულ რაღაც 200 კილომეტრი გვაკლდა მოსკოვში შესვლამდე. მთლიანად ავიღეთ ქალაქი როსტოვი. გზად მოსახლეობა გვესალმებოდა. არ გვქონია კანონიერად არჩეული არსებული ხელისუფლების დამხობის მიზანი. გავჩერდით, რომ რუსული სისხლი არ დაგვეღვარა. ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია, თუ ამ მოქმედებებს შეასრულებდნენ „ვაგნერის“ დონის სამხედროები. მაშინ ოპერაცია სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, სად იმყოფება ამჟამად, თუმცა კრემლში შაბათს განაცხადეს, რომ პრიგოჟინი ბელარუსში მიემგზავრება ღალატის ბრალდებაზე შეწყალების სანაცვლოდ.