ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია – არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

7
spot_img

უკრაინა ერთ ტერიტორიას სხვებზე არ გაცვლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

“არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზე მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, სამოქალაქოები, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ.

ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიასთან. არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ უკრაინული ცხოვრების მიტანა. ამას ვამბობ, ვინაიდან, მესმის, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, თუ რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა.

უკრაინა სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა უფრო ძლიერები ვიყოთ. ეს ოპერაცია ქვეყანას აძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიას სხვებზე გავცვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის რთულია უკრაინის შემდგომი ნაბიჯების გაჟღერება. მან ასევე არ გასცა პასუხი კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინა რუსეთის კიდევ რომელიმე ტერიტორიების დაპყრობას.