მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს.
“ჩვენ გავაგრძელებთ დაინტერესებას ამ საკითხით. ან უნდა მოხდეს მტკიცებულებების წარმოდგენა, ან უნდა მოხდეს იმ უმძიმესი ბრალდების უარყოფა, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეული მოსამართლეების რეპუტაციას, არამედ მთლიანად სასამართლოს წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება. თუ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, ეს იქნება აღქმული, როგორც პირდაპირი თავდასხმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
რა დგას სასამართლოზე შეტევის უკან შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ამაზე საუბარი შეიძლება დღეს არ ღირდეს. ერთი რამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ – ჩვენ არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით იმ სისტემის დაბრუნებას, რომელიც მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან. ამ მცდელობებს ვხედავთ, რომ გარკვეული დოზით მაინც დაბრუნდეს „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლოზე, იქნება ეს NGO-ებისა თუ სხვა სუბიექტების მეშვეობით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე “იმედის კვირასთან“ საუბრისას.