“ჩნდება ეჭვი, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის შემთხვევები არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული”

88
spot_img

ჩნდება ეჭვი, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის შემთხვევები არის სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი – მოვუწოდებ ამ ადამიანებს [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს], რომ ცოტა მეტი სიფრთხილით აკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ ყოველთვის არ გაუმართლებთ და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსხვავებული აზრის მიმართ დევნა უკვე ფაქტობრივად, ყოველდღიურად დანაშაულის ჩადენაში გადაიზარდა, რასაც გარკვეულწილად, საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ახალისებს.

„ძალიან სამწუხარო ტენდენციას ვხედავთ ჩვენ. საპარლამენტო ტრიბუნიდან ფაქტობრივად, ყოველ დღე, განურჩევლად სქესისას, ჩვენ გვესმის მოწოდებები ძალადობისაკენ და ეს ადამიანები განსაკუთრებით შეუწყნარებლები არიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის მიმართ დევნა უკვე გადაიზარდა ფაქტობრივად, ყოველდღიურად დანაშაულის ჩადენაში და ეს განცხადებები ცხადია, რომ არის წამახალისებელი. არათუ წამახალისებელი, რიგ შემთხვევებში ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით და დასაბუთებულია ეს ეჭვები, რომ ძალადობა არის, მათ შორის, არა თავისით ორგანიზებული, არამედ ხელისუფლების და სახელმწიფო ორგანოების მიერ პროვოცირებული, ორგანიზებული, დაგეგმილი და ა.შ. ეს არის ძალიან საშიში. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ ცოტა მეტი სიფრთხილით აკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები, იმიტომ, რომ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს და ყოველთვის არ გაუმართლებთ, რომ არ დასრულდეს ეს მძიმე შედეგით,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.