„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, შესაბამისად, აღნიშნული პირები აღარ წარმოადგენენ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“.
პარტიის განცხადების თანახმად, არსებულ ვითარებაში, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში „რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა, კოლაბორაციის ტოლფასია“, რაზეც „თვალის დახუჭვა ხალხის ბრძოლის ღალატია“.
„ივანიშვილის რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად. ქართველი ხალხი დედაქალაქსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში რეჟიმის დასამარცხებლად შეუპოვრად იბრძვის. ამ ბრძოლაში, რეჟიმი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და საშუალებას იყენებს, მათ შორის, იმ ფინანსურ რესურსს, რომელსაც ქართული ბიზნესისა და ხალხის ჯიბიდან იღებს გადასახადების სახით.
ეს ფული არის ხალხის, მაგრამ მას რეჟიმი მისი ბერკეტების შესანარჩუნებლად, მათ შორის სადამსჯელო კრიმინალური რაზმების დაფინანსებისათვის და მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დასარბევად იყენებს.
ამ ვითარებაში, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა, კოლაბორაციის ტოლფასია, რაზეც თვალის დახუჭვა ჩვენი ხალხის ბრძოლის ღალატია.
ამგვარი ფაქტი მით უფრო მიუღებელია პუტინის რეჟიმთან 2012 წლიდან შეურიგებლად მებრძოლი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ და სრულიად მოულოდნელად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ინდივიდუალურ რეჟიმში, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნულის გამო, წესდების შესაბამისი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”“, – წერია განცხადებაში.