ჩინეთში, “ჩიკუნგუნიას” ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რომელიც კოღოებს გადააქვთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, მოგზაურებისთვის გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაფრთხილება გუანდუნგის პროვინციაზეა ფოკუსირებული, სადაც, ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 2025 წლის ივნისიდან, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა.
მედიის ცნობით, გუანდუნგის პროვინციაში აფეთქება მუსონურ წყალდიდობას უკავშირდება, რამაც “ჩიკუნგუნიას” ვირუსის გამავრცელებელი კოღოებისთვის გამრავლების იდეალური პირობები შექმნა.
გამაფრთხილებელ განცხადებაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია და რეკომენდებულია მოგზაურებისთვის.
მასაჩუსეტსის შტატში, South Shore Health-ის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტოდ ელერინმა, ABC News-ს განუცხადა, რომ რეგიონში მოგზაურებმა “აუცილებლად უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები” დაავადებისგან თავის დასაცავად.