ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან, ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა მოსკოვიდან -ფრიდრიხ მერცი

6
spot_img

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ევროპას აშშ-ისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ დებატები გაიმართა.

„მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი“, – აღნიშნა მერცმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გაურკვეველია, რა ელოდება ნატო-ს მომავალში და მოუწევს თუ არა ევროპას სწრაფი მოქმედება საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. მერცმა ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო.

„ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და, საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ“, – აღნიშნა მერცმა.

შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.