ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, ჩემი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
„მახსოვს, როცა პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე იქნებოდა გადმოთარგმნილი, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომდევნო დღეების განმავლობაში. მოხარული ვარ ამით. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება, ვინაიდან ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულ დიპლომატებს, გავიდნენ დედაქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ არის დღეს საქართველოში“, – განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისლანდიის პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.