გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ, გვერდზე გამდგარიყო, აჩვენა, რომ მზადაა თავისი ქვეყნის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.
„დიდ პატივს ვცემ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ბაიდენმა ასევე წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არა მხოლოდ მისი პრეზიდენტობის პერიოდში“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მანამდე, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა აღიარებას იმსახურებს.
„ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია: თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მისი წყალობით, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, შეერთებული შტატები კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება არ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, აღიარებას იმსახურებს“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა X-ზე.