ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია – რას ჰყვებიან BBC-სთან ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკის ჯარისკაცები

1
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს რეპორტაჟს ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკიდან სათაურით „ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია. მეზობლები დაიღუპნენ“ (ავტორი – იოგიტა ლიმაიე, სანჯაი განგული, ანასტასია ლევჩენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ბიბისის“ გადამღები ჯგუფი დონეცკიდან 60 კილომეტრზე მდებარე მეშახტეთა ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე განსაკუთრებული საჰაერო-სადესანტო ბრიგადას ეწვია. „ფრონტის ეს ხაზი ყველაზე სახიფათოა“, – ამბობს ალექსანდრე,  სამედიცინო პუნქტის უფროსი, – რუსეთი ძალიან გვაწვება. ჩვენ ვერ შევძელით ფრონტის ხაზის სტაბილიზება. ყოველთვის, როცა ფრონტის ხაზი გადაადგილდება, ჩვენც მას მივსდევთ“.

ექიმები ამბობენ, რომ ამას წინათ დღეში 50 დაჭრილ ჯარისკაცს იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, სარეკორდო მაჩვენებელია მთელი ომის პერიოდში. დაჭრილები ღამით მოჰყავთ, რომ რუსების დრონებმა არ შენიშნონ და მათი დარტყმის ქვეშ არ მოჰყვნენ.

პოკროვსკი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა – აქ ცხოვრობდა 60 ათასამდე ადამიანი, მუშაობდნენ რესტორნები, კაფეები, ბაზრები. უკრაინელი სამხედროები ხშირად მოდიოდნენ ფრონტის ხაზიდან ამ ქალაქში „სულის მოსათქმელად“ და დასასვენებლად.

მაგრამ ამჟამად პოკროვსკი თანდათან ქალაქ-მოჩვენებას ემსგავსება.

თებერვალში რუსებმა ავდეევკა დაიპყრეს, რომლის შემდეგ ისინი სწრაფად წინ მიდიან  დონბასიდან დასავლეთის მიმართულებით. ოქტომბრის დასაწყისში რუსებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი უგლედარი დაიკავეს, რომლისთვისაც ბრძოლები თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა. უგლედარს უკრაინელები „ციხე-სიმაგრეს“ უწოდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსებმა ჩაიგდეს ხელში.

უკრაინის ხელისუფლება ეთანხმება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თვლიან, რომ ახლა ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი ხდება. კიევში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქ დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფები რუსების 150 შემოტევას იგერიებდნენ.

ფრონტიდან 10 კილომეტრის დაშორებით, საველე ჰოსპიტალში ექიმი ტანია ჯარისკაც სერგეის სახიდან გასისხლიანებული ბინტს ხსნის და საოპერაციოში შეჰყავს. „მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – ამბობს იგი. სერგეის ჭურვის ნამსხვრევი თვალში მოხვდა, დაამსხვრია თავის ქალას ნაწილი და ტვინი დააზიანა. 

მალე ახალი დაჭრილები მოჰყავთ – მათ არ იციან, როგორ მოხვდნენ რუსული დრონების დარტყმის ქვეშ, რომლებიც ძალიან ხშირად მოულოდნელად გამოჩნდებიან ხოლმე. „აქ სახიფათო ადგილია. გადავიღალეთ ფიზიკურადაც და მორალურადაც, მაგრამ სიტუაციას როგორღაც მაინც ვუმკლავდებით“, – ამბობს იური, სამედიცინო ასეულის მეთაური.

ჯარისკაცები ჯერ კიდევ დილით დაიჭრნენ, მაგრამ ისინი საღამოს, შებინდებისას მოიყვანეს, როცა შედარებით უსაფრთხო დრო დადგა. სამწუხაროდ, ასეთი დაგვიანებები სიკვდილის რისკს და ინვალიდობის შანსებს ზრდის.

ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, სახელად ტარასმა, დაჭრილ ფეხზე, სისხლდენის შესაჩერებლად, 10 საათის წინ  თასმა მოიჭირა, მაგრამ ახლა მისი ფეხი დასივდა და გათეთრდა, შეგრძნება დაკარგა.  ექიმი ამბობს, რომ ტარასს, დიდი ალბათობით, ფეხის ამპუტაცია მოუწევს.

იმას, რასაც ჩვენ საველე ჰოსპიტალში ვხედავთ, პოკროვსკის ბრძოლების სიმწვავეს მოწმობს. ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია და უკრაინის ჯარებისათვის დონბასის ფრონტზე სასიცოცხლოდ აუცილებელ ლოჯისტიკურ პუნქტად რჩება. უკრაინისათვის ცნობილია, თუ როგორი მაღალია ფსონები.

რუსული დრონები ომით გაწამებულ პოკროვსლელებს ემუქრებიან. შენობათა ფანჯრები ყრუდ არის დაკეტილი და შეფიცრული, რომ დრონებმა სახლის შიგნით არ შეიხედონ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ქუჩაში გამოვა, იმავწუთს დრონების სამიზნე ხდება. ერთ-ერთი დრონი პირდაპირ ჰოსპიტლის წინ იყო ჰაერში დაკიდებული. დრონებს აგდებენ, აფეთქებენ, მაგრამ მათ ადგილზე სხვა მოფრინავს, რაც დაჭრილთა ევაკუაციას ართულებს.

„დრონების ხმა ძილშიც გვესმის… გაიხედავ ფანჭრის ჭრილიდან და ჰაერში გაჩერებული თითქოს გელოდება“, – ამბობს 50 წლის ვიქტორია ვასილევსკაია. მას ევაკუაცია არ უნდოდა, მაგრამ დათანხმდა.

ვიქტორია ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ ფრონტის ხაზი მოულოდნელად ქალაქს ძალიან სწრაფად მოუახლოვდა: „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არავინ იცის, ხვალ აქ რა მოხდება. ნერვები მღალატობს, პანიკური შეტევები მაქვს. ევაკუაციაზე კი დავთანხმდი, მაგრამ ფული თითქმის აღარ მაქვს, ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწევს… მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მალე დაიწყოს მოლაპარაკებები. ის მიწა, რომელიც რუსებმა დაიკავეს, არაფრად აღარ ვარგა, ყველაფერი განადგურებულია“, – ამბობს იგი.

იმ მოქალაქეების მორალური სული, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ, დარღვეულია. მათ ასე ცხოვრება არარ შეუძლიათ – ქალაქის უდიდეს ნაწილს არც ელექტროენერგია და არც წყალი არ მიეწოდება. ერთ-ერთი სკოლის ახლოს მოქალაქეთა გრძელ რიგს ვხედავთ, რომლებსაც „კანისტრები“ უჭირავთ და ონკანიდან წყლით ავსებენ.

პოკროვსკის შენობათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ ნგრევა შედარებით მცირეა. რუსები ჯერ-ჯერობით ისე დაუნდობლად არ ბომბავენ ქალაქს, როგორც ბახმუტს, ავდეევკას ან უგლედარს ბომბავდნენ.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 69 წლის ლარისას ვხვდებით, რომელიც ერთ-ერთ შემორჩენილ კიოსკში კატროფილს ყიდულობს. „ეს საშინელებაა. მე უკვე დამამშვიდებელი წამლები მჭირდება, შიშისაგან ვერ ვიძინებ“, – ამბობს იგი.

ლარისა თვლის, რომ დადგა რუსეთთან მოლაპარაკების დრო. სიტყვა „მოლაპარაკება“ სულ ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო უკრაინელებისათვის, მაგრამ აქ, ფრონტის ხაზთან ახლოს, ბევრი ფიქრობს, რომ ომი დასრულების საკითხი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

„ძალიან ბევრი ჩვენი მებრძოლი იღუპება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? სიცოცხლე გვინდა. რაში ჭირდება პუტინს ჩვენი ტერიტორი, ნუთუ მას თავისი არ ჰყოფნის? რამდენი ხალხი დაიხოცა…“, – კვნესაშერეულად გველაპარაკება საევაკუაციო მიკროავტობუსში მჯდომი 80 წლის ნადეჟდა. მას გადაადგილება არ შეუძლია.

პოკროვსკელთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ქალაქის დატოვებას არ აპირებენ. ელექტრომონტიორ ვიტალის მოვალეობაა მცხოვრებთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, თუმცა როგორც იგი ამბობს, მისი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია, მეზობლები დაიღუპნენ… „მაგრამ ალაქის დატოვება უბრძოლველად არ შეიძლება“. არიან ისეთებიც, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ და თვლიან, რომ მებრძოლების სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ და ქალაქი უნდა დატოვონ.

დილით ფრონტის ხაზზე გავდივართ. ჭურვებით ორმოებგაჩენილ გზაზე ვცდილობთ მაღალი სიჩქარით ვიმოძრაოთ, რომ რუსული დროების სამიზნეში არ მოვხვდეთ. გზის ორივე ნაპირზე თვალში საცემია დამჭკნარი მზესუმზირების ველი.

რაც უფრო ვუახლოვდებით ფრონტის ხაზს, ქვემეხების გრიალი და აფეთქებების ხმა სულ უფრო მკაფიოდ ისმის.

უკრაინელი არტილერისტი ვადიმი ჭურვებს საბჭოთა ქვემეხით ისვრის, რომელიც ისეთ გამაყრუებელ ხმას გამოსცემს, რომ მიწიდან მტვერს აყენებს. ვადიმმა იცის, რომ რუსები აუცილებლად უპასუხებენ, ამიტომ იგი მიწისქვეშა ძელმიწურში იმალება.

„მათ [რუსებს] უფრო მეტი ცოცხალი ძალა და იარაღი აქვთ. მათი მეთაურები ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“, – ამბობს არტილერისტი. მან კარგად იცის, რომ თუ პოკროვსკი დაეცემა, ამით კარი გაიღება დნეპროპეტროვსკის ოლქისაკენ, რომელიც 32 კილომეტრით არის დაჭორებული ფრონტისპირა ქალაქს.

„დიახ, ჩვენ დავიღალეთ, ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ბრძოლა მაინც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გველოდება“, – ამბობს ვადიმი.

წყარო